მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეორეული ტანსაცმლის იმპორტი, დაახლოებით, 20%-ით გაძვირდა“ - იმპორტიორი

603f8ecae9de6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 09:45
1493
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის იანვარში 498.11 ტონა იმპორტირებული ნახმარი ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის ღირებულებამ 1.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 27.9%-ით ნაკლებია (1.4 მლნ დოლარი, 521.17 ტონა). იმპორტირებული საქონლის მოცულობით თუ შევადარებთ იანვარში 4.5%-ით ნაკლები მეორადი ნაწარმი შემოვიდა, ანუ თუ მოცულობით ვიმსჯელებთ კლება წლის დასაწყისში არც ისე დიდია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მეორადი ნაწარმის შემოტანისთვის ქვეყნიდან 18.4 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით ნაკლებია, ხოლო მოცულობით 2020 წელს საქონლის იმპორტი 10.4%-ით შემცირდა და 6 988.32 ტონა შეადგინა.

BM.GE-ი მეორეული ტანსაცმლის ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას „არჩგრუპს“ დაუკავშირდა, რომელსაც საქონელი დიდი ბრიტანეთიდან შემოაქვს.

როგორც საუბრისას კომპანიის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ჭკადუა განმარტავს, გასულ წელს მოქმედმა შეზღუდვებმა მათი დატვირთვა შემაცირა, რადგან 3 თვის განმავლობაში რეალიზაცია გაჩერებული იყო.

„შეზღუდვების პერიოდში გაყიდვით ვერაფერს ვყიდდით და ახალსაც არ ვიწერდით. გაჩერებული ვიყავით, თუმცა ამოქმედების შემდეგ, ვერ ვიტყვი, რომ იმპორტი შემცირებული გვაქვს. თვიურად, დაახლოებით, 25 ტონა მეორეული ტანსაცმელი შემოგვაქვს, რაც აქამდეც ასე იყო“, - აღნიშნა ავთანდილ ჭკადუამ.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ერთადერთი ცვლილება ეს იმპორტის გაძვირებაა, რადგან ლარი გირვანქასთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

„იმპორტის მაჩვენებლები გამომდინარეობს შემოტანის ფასიდან. გასულ წელს შემოტანაც და გაყიდვაც იაფი იყო. მეორადი ტანსაცმელი დიდი ბრიტანეთიდან შემოგვაქვს, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემოტანა გაგვიძვირდა. გირვანქა თუ წინა წელს 4.2 ლარი იყო, დღეს 4.7 ლარი ღირს, რაც იმპორტს, დაახლოებით, 20%-ით აძვირებს. ეს მცირედით ზრდის სარეალიზაციო ფასსაც“, - განმარტავს „არჩგრუპის“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები