მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მექნება მინისტრთან მსჯელობა“ - კობახიძე დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე პოზიციას ჯანდაცვის მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ დააფიქსირებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საკითხის განხილვაში აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელთანაც პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა ერთი შეხვედრა და უახლოეს პერიოდში დამატებითი მსჯელობა იგეგმება.

„ეს საკითხი თავისთავად ძალიან მგრძნობიარე და მტკივნეულია. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სუბიექტური გადაწყვეტის გზა. სწორედ ამ დეტალებზე მსურს ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი და ამის შემდეგ მოგახსენებთ, როგორ გაგრძელდება პროცესი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 15:00 საათიდან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გაერთიანება „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ წარმომადგენელი, ზაქრო გვიშიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი ჩააბარეს იმ პირობით, რომ დოკუმენტი არა ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ პირდაპირ პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.

ინფორმაციისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენის დისტროფიით 100-მდე ბავშვია დაავადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები