მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექსიკით აშშ-ში წასასვლელად ქართველი მიგრანტებისთვის საზღვარი დაიკეტა? – იურისტის რჩევა

ეკატერინე ეგუტია

ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი ეკატერინე ეგუტია მოქალაქეებს ურჩევს, მექსიკის გავლით, აშშ-ში უკანონოდ შემოსვლა არ გარისკონ.

იურისტის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცემული ბრძანებით, განსაკუთრებით გამკაცრდა თავშესაფრის მინიჭების ზომები მათთვის, ვისაც მექსიკის საზღვრიდან უკანონოდ შემოსვლის დროს დაიჭერენ.

ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი მოქალაქეებს ურჩევს, მიუხედავად ხანგრძლივი პერიოდისა, რომელიც ხშირად თვეები გრძელდება, მექსიკაში შემოსვლის შემდეგ, ოფიციალურად დარეგისტრირდნენ აშშ-ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და ამერიკელ ოფიცერთან ინტერვიუს დაელოდონ.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოდან მოქალაქეების აშშ-ში შემოდინება მასიურად ხდება. ახალი რეგულაცია კი არის მკაცრი - უკანონოდ შემოსულ ემიგრანტებს ეკრძალებათ თავშესაფრის მოთხოვნა ანუ ისინი პირდაპირ დეპორტაციას ექვემდებარებიან ან საემიგრაციო ციხეში განუსაზღვრელი ვადით ამყოფებენ. ეს არის საშინელი რეგულაცია.

პრეზიდენტის ბრძანება უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში და იმედია, ოდესღაც გადაიხედება და გაუქმდება, მაგრამ უკანონოდ შემოსულ ემიგრანტებს, თავშესაფრის მოპოვების და ლეგალური სტატუსის მიღების,, ფაქტობრივად, ყველანაირი უფლება ჩამოერთვათ. აშშ-ში წასვლის მსურველებს ვურჩევ, არ გარისკონ ასეთი მეთოდით შემოსვლა“, - აცხადებს ეკატერინე ეგუტია.

ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის ერთ-ერთი მიმართულება საემიგრაციო დავებია და როგორც ეკატერინე ეგუტიამ „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, „წარმოუდგენლად მზარდია საქართველოდან აშშ-ში ემიგრაციაში წასულთა რიცხვი“.

"ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში... საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, რადგან იქ პერსპექტივას ვერ ხედავენ. მათი რიცხვი წარმოუდგენლად დიდია... ასეთ ადამიანების შემოსვლა სხვადასხვა მეთოდით ხდება - ზოგი საინვესტიციო ვიზით შემოდის, ზოგი - სამუშაო ვიზით. ძალიან წარმატებული ადამიანები ჩამოდიან ამერიკაში“, - განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები