UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო.
სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.
"ბოლო რამდენიმე თვეა, მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია და დღეს, ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. როგორც ხედავთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, რადგან სპორტდარბაზში ყოველდღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი. მეორე რაუნდი ყელში მაგრად მქონდა წაჭერილი, მაგრამ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ვერ დავაფინიშე. ჩემი მიზანი, ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით. სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ! ახლავე ვეჩხუბები! ყველანი მიყვარხართ! მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს!"- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა, გამარჯვების შემდეგ.
ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტრუა, რომ მერაბ დვალიშვილს მომდევნო ბრძოლა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარზე იქნება.