მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ - ადმინისტრაცია

63ce9e08739c7
BM.GE
23.01.23 19:00
673
საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში წერია.

„უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ: სალომე ზურაბიშვილმა 20 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე და კატეგორიულად პასუხობდეს ბრალდებებს, რითაც ზურაბიშვილი გამოეხმაურა CNN-ის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვას: "მსურს, სანქციებზე გკითხოთ - თქვენ ახსენეთ, რომ სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის და დარწმუნებული ვარ, თქვენც გსმენიათ იმის შესახებ, რომ სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?", - ჰკითხა CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ფონ დერ ლაიენს.

"დიახ, სანქციები რუსეთს 9 რაუნდად დავუწესეთ და ისინი მტკივნეულია რუსეთის ეკონომიკისთვის და ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტს განიცდიან. სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციების გვერდის ავლის მცდელობას ვხედავთ და ეს მიუღებელია. უკვე განვაცხადეთ, რომ სია შეიქმნება იმ ადამიანების, რომლებიც ამ ტექნოლოგიებსა და პროდუქტს ევროკავშირისგან იღებენ და რუსეთში შეაქვთ. სანქციების მე-10 პაკეტი, ძირითადად, ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების ამოვსებაზე ანუ დიდი გავლენა ექნება მათზე, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის. მე-10 პაკეტი სწორედ ამაზე იქნება”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

საკითხზე ვრცელი პოსტი დაწერა დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - "სამწუხაროა, როცა ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები