მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერებისთვის საგრანტო პროგრამა მიმდინარეობს - FAO

მერძეული

ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 102 მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალ მცირე ფერმერს საქართველოში გადასცა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დანადგარები მათი წარმოების პრაქტიკისა და ხარისხის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ ქალ მცირე ფერმერებს თანამონაწილეობრივ საგრანტო პროექტში ჩართვა შეუძლიათ, რომელიც პროგრამის ფარგლებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება.

FAO-ს მხარდამჭერი ინიციატივების მიზანია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ ქალ მცირე ფერმერებს მისცეს შესაძლებლობა და საჭირო დანადგარები სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად, რაც შეამცირებს მომხმარებლებში სურსათით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებს.

ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით, FAO-ს მიმდინარე თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის შეთავაზება ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და ადიგენის, გორის, სამტრედიისა და წალკის მუნიციპალიტეტებში.

როგორც bm.ge-ის FAO-დან აცნობეს, მხარდამჭერი ინიციატივა განკუთვნილია მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერებისთვის, რომლებიც:

  • ფლობენ ექვსიდან 20 სულამდე მეწველ ძროხას;
  • დაესწრნენ FAO საქართველოს ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სურსათის უვნებლობის ტრენინგებს.

FAO-ს სურსათის უვნებლობის ტრენინგები მუდმივად ტარდება ზემოთ აღნიშნულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, ქალ ფერმერებს, რომლებიც ჯერ არ დასწრებიან ამ საგანმანათლებლო შეხვედრებს, შეუძლიათ გაიარონ ტრენინგის კურსი და შედეგად, შეძლონ თანამონაწილეობრივ საგრანტო კონკურსში ჩართვა.

მხარდაჭერის ინიციატივა გულისხმობს შემდეგი რძის პროდუქტის საწარმოო ინვენტარის თანადაფინანსებას:

  • პორტატიული საწველი აპარატი;
  • გაგრილების ავზი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი;
  • პასტერიზატორი მაქსიმალური ტევადობით – 500 ლიტრი;
  • რძის პორტატული ანალიზატორი.

“თანამონაწილეობრივი საგრანტო შესაძლებლობების მეშვეობით, ქალ მცირე ფერმერებს წარმოების ეფექტურობის, სურსათის უვნებლობისა და წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას ვაძლევთ. ამგვარად, მათ ვეხმარებით კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში როგორც ქვეყნის ბაზარზე, ასევე პოტენციურად საერთაშორისო დონეზე და ამავდროულად, ვკვალავთ გზას მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების სურსათზე გაუმჯობესებული წვდომის უზრუნველსაყოფად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დანადგარებით მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალ ფერმერებს ვეხმარებით FAO-ს სურსათის უვნებლობის ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში“, - ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.

“საქართველოს რძის პროდუქტის სექტორში ქალები წინა ხაზზე არიან და 102 პროფესიონალი ამ სექტორიდან ახლა გაძლიერებულია, რომ შექმნას უკეთესი, მაღალი ხარისხის პროდუქტი უფრო ეფექტურად. აღსანიშნავია, რომ ENPARD IV პროგრამის ბენეფიციარებისთვის გადაცემული ინვენტარი მცოდნე ფერმერების სანდო ხელშია, რომლებიც ზრუნავენ, რომ საკუთარი რძის პროდუქტი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. მიხარია, რომ კიდევ უფრო მეტ ქალ ფერმერს მიეცემა ინვესტიციის ასეთი შესაძლებლობა მიმდინარე თანამონაწილეობრივი საგრანტო ციკლის ფარგლებში საკუთარი სასოფლო-სამეურნეო შემოსავლის წყაროებისა და რაოდენობის გასაზრდელად, საქართველოს რძის პროდუქტის სექტორისა და რეგიონულ ეკონომიკაში მისი როლის განსავითარებლად”, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა, დენის რაისმა.

“გაუმჯობესებული წვდომა სასოფლო-სამეურნეო დანადგარებზე, რომლებიც წარმოების ეფექტურობასა და სურსათის უვნებლობას უწყობს ხელს, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია აგრობიზნესის განვითარებაზე ფოკუსირებული ქალი ფერმერებისთვის. ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, სწორედ ასეთი ქალ ფერმერებს ვაძლიერებთ. ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებულ პლატფორმებთან ერთად, მიმდინარე თანამონაწილეობრივი საგრანტო შესაძლებლობა მათ რძის პროდუქტის უვნებელი წარმოების პროცესების დაჩქარებაში ეხმარება. ეს კი, ქვეყნის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან ერთად, სოფლად მცხოვრებ ქალებს უფრო მეტ დროს აძლევს სხვა მიზნების მისაღწევად“, - ამბობს შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელისაბედ ბრანდბერგი.

ქალი მცირე ფერმერებისთვის მიმდინარე საგრანტო შესაძლებლობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: faogrants.ge/sp5.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები