მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად სესხს აღარ აიღებს - შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება

63621a94383ab
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.22 11:21
1664
თბილისის მერია 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს საბიუჯეტო სახსრებით შეიძენს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ამ ტიპის ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ მოხდება.

„მნიშვნელოვანია დამატებით შემოვიყვანოთ ავტობუსები - ეს 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაა.

ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები როგორც ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან - ფინანსთა სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული ავტობუსები და ავტობაზა, რომელიც ამ ავტობუსებს მოემსახურება, ვიყიდოთ საბიუჯეტო სახსრებით და არ ავიღოთ სესხი.

აქედან გამომდინარე, ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო ხელშეკრულებიდან ავტობუსებისა და ავტობაზის კომპონენტის ამოღება და პროექტის განხორციელება საბიუჯეტო დაფინანსებით მოხდება. ამაზე მერიის შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს. უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვა, რაც 2023-2024 წლებში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას ითვალისწინებს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა დასძინა, რომ დიდი ზომის ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება.

„18-მეტრიანი ავტობუსების ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, ისინი ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ და ზუსტად ამისთვისაა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კონკრეტულ ქუჩებსა და გამზირებზე, რათა ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, - თქვა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის: თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს უნდა შემოსულიყო, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები