დღეს, 14:00 საათიდან "შერატონ თბილისში" მერია 185 თბილისელ სპორტსმენს აჯილდოებს. ჯამური საპრიზო ფონდი 1 მლნ ლარია - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
2024 წელს სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა ერთ მლნ ლარს შეადგენს.
გამარჯვებულები სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.
"წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცემათ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდება 185 თბილისელი სპორტსმენი.
ასევე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდება
ქალთა ხუთი და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთი გუნდი. გარდა ამისა, გამოვლინდება ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული: წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო
სპორტსმენი ქალი", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ რელიზში.
მერიის ინფორმაციით, პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში, უკვე დაჯილდოვდა 1 000-ზე მეტი სპორტსმენი.




























