თბილისის მერიამ დღეს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში წარადგინა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მერიის დაფინანსება 271 მილიონი ლარით მცირდება და 2.08 მილიარდი ლარის ტოლი იქნება. კლება ძირითადად ინფრასტრუქტურული და საგზაო პროექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.
თუმცა როგორც ბიუჯეტის პროექტის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მერია ბიუჯეტის პროექტის გაზრდასთან დაკავშირებით როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა დასრულების შემდეგაც ბიუჯეტის გადამუშავებული და გაზრდილი ვერსია დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.
2025 წლის მდგომარეობით, თბილისის მერიის ხარჯები რეკორდულად დიდია და 2.35 მილიარდ ლარს შეადგენს.
"რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე გაგზავნილია საკრებულოში. ახლა დაიწყება განხილვები კომისიებსა და ფრაქციებში, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მათი რეკომენდაციები.
აღნიშნულ პროცესში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ ბიუჯეტის მოცულობის დამატებითი ზრდა იმ პროექტებისთვის, რომლებიც უკვე შევიტანეთ 2026 წლის გეგმაში.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტები. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რათა მათი თანადგომით შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის საბოლოო, უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.
2025 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში კლება რამდენიმე ძირითად მიმართულებას შეეხება, ესენია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რა მიმართულებითაც მომდევნო წელს 656 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება (კლება ₾104 მილიონი), ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, კეთილმოწყობის და ავარიული შენობების გამაგრების მიმართულებით მომდევნო წელს 287.5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება (კლება ₾93.5 მილიონი). განათლების პროგრამებს კი თბილისის მერია 300 მილიონი ლარით დააფინანსებს (კლება ₾58 მილიონი).




























