მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისის ნაგავსაყრელის ალტერნატიულ ადგილს ეძებს - კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერია დედაქალაქის ნაგავსაყრელის ალტერნატიული ადგილის შერჩევას საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით აპირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას პროცესში ექსპერტების ჩართვას დაავალებს.

“გადავწყვიტეთ, თბილისის ნარჩენების პოლიგონისთვის დავიწყოთ ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, ნახოთ საერთაშორისო ექსპერტები, ვინც შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში დაგვეხმარებიან და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს კახა კალაძე.

გასულ კვირას გამართულ დედაქალაქის სხდომაზე მერმა დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ახალი პროექტიც დააანონსა, დღეს კი განაცხადა, რომ ნაგავსაყრელის ალტერნატიულ ადგილზე გადატანის პარალელურად, უკვე არსებულ ლოკაციაზე პროექტი კვლავ განხორციელდება.

“გასულ კვირას ვისაუბრე დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც EBRD-ის ხელშეწყობით აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ პროექტის განხორციელებით აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად იქნება მოწესრიგებული, რადგან ის ვითარება, რაც დღეს ჩვენ აქ გვაქვს, მიუღებელია.

არსებულ ნაგავსაყრელზე ის პროექტი, რაზეც ვსაუბრობდით აუცილებლად განხორციელდება იმისთვის, რომ იქ არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და მთლიანად მოწესრიგდეს, რათა გვქონდეს ისეთი ნაგავსაყრელი, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია”, - ამბობს კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები