მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ვაკეში ახალი გზის გაყვანას გეგმავს

5f7d7d43d7156
ინგა მურუსიძე
07.10.20 12:40
6569
ვაკეში ახალი გზის მშენებლობა იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე მიდის მუშაობა პროექტზე, რომლითაც ყიფშიძის ქუჩა ახალ გზას  - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს შეუერთდება.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკითხი მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს აქვს ჩაბარებული და იგეგმება პროექტის უახლოეს მომავალში მომზადება, ხოლო მომავალ წელს გზის მშენებლობის დაწყება. 

„ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი. ეს არის ყიფშიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ძალიან დატვირთულია და არის შემთხვევები, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, უკვე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. უკვე მიმდინარეობს ახალი პროექტის დამუშავება და ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება. ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული და მიმდინარეობს პროექტის სამუშაოები. უახლოეს მომავალში უკვე გვექნება მზა პროექტი და შემდეგი წლიდან უშუალოდ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი გზის პროექტი, რა თქმა უნდა, ყიფშიძის ქუჩაზე ვითარებას აბსოლუტურად შეცვლის. ძალიან ბევრი წერილი მომდის, ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ განსაკუთრებით პიკის საათები პრობლემურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ასევე გამოთქვამს მზაობას, რომ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟიც განახორციელოს.

„იქ არის ფარეხები, რომელიც მოძრაობას და გადაადგილებას ასევე უშლის ხელს. თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, არსებულ ტერიტორიას მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ და მათ საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ისევ თავიანთი შვილებისთვის და საკუთარი თავისთვის - ტერიტორია, რომელიც იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული“, - განაცხადა მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები