მერია ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, დარჩენილია კასკადის და შადრევნის სამუშაოები. რაც შეეხება ვადებს, მერის მოადგილის თქმით, ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება.
„თვითონ პარკის სამუშაოები დასრულებულია, როგორც ყველა ხედავს, დარჩენილია თვითონ კასკადის სამუშაოები, შადრევნის სამუშაოები. ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ევროპულ ჯგუფთან პროექტირების ნაწილში და ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ ხელახლა გამოვაცხადოთ კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომ სრულად დავასრულოთ ეგ პროექტიც.
გარკვეული თანხები დახარჯული არის, თუმცა ახლა ეს არის დავის საგანი ჩვენსა და კონტრაქტორს შორის. რაც შეეხება ვადებს, ჩვენ ვფიქრობთ, წლის ბოლომდე გამოცხადდება უკვე შესაბამისი ტენდერი", - განაცხადა ბასილაიამ.
აღსანიშნავია, რომ კასკადის სამუშაოების დასრულება სრულად ჯერ 2022 წლის ბოლოსთვის, ხოლო შემდეგ 2023 წლის გაზაფხულზე ანონსდებოდა. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. 2022 წლის მდგომარეობით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტზე 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის შედეგად, ერთი მოზარდი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. საქმეზე დაკავებულები არიან, როგორც შადრევნის მშენებელი კომპანია "გრინსერვისი+“-ის თანამშრომლები, ისე "მშენ-ექსპერტის“ და „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომლები. დაკავებული ასევე თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.