თბილისის მერიამ შპს კორტებს პირგასამტეხლო ჩამოაწერა. საკრებულოს შესაბამისი განკარგულება 26 დეკემბრით თარიღდება.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიასა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს შორის 2021 წელს დადებულ უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, შპს კორტები კი 34 500 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.
საუბარია თბილისში, თამარაშვილის 13 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთსა (7174 კვ.მ.) და შენობაზე.
შეგახსენებთ, შპს კორტებმა იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. კორტების ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის აუქციონში 2021 წელს გაიმარჯვა. საინვესტიციო შეთანხმებით ადგილზე სამუშაოები 2 წლის ვადაში 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც შპს “კორტების” წარმომადგენელი აცხადებდა, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო, ამიტომ ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს დასრულდებოდა.
კომპანიის დირექტორი, დავით კოპაძე BMG-სთან აცხადებს, რომ აღნიშნული პირგასამტეხლო ტექნიკური ხასიათის იყო, ხელშეკრულებაში შესული ცვლილება კი შუალედურ ვადას ეხებოდა, რომელიც გაუქმდა და მისი თქმით, პროექტი 2026 წლის 1 სექტემბერს დასრულდება. მისივე განმარტებით, გაჭიანურება სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირდება.
"ხან ამინდია ხელის შემშლელი, სახურავია რთული შესასრულებელი... ახლა ნორმალურად მივდივართ, პრობლემური რაც იყო გადალახულია და ამ ვადაში წესით უნდა ჩავეტიოთ",- აცხადებს დავით კოპაძე.
ბიზნეს რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს კორტების დირექტორი დავით კოპაძე ასევე 67%-ს ფლობს, ხოლო კომპანიის 33% მამუკა მერკვილაძეს ეკუთვნის.




























