თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მოიცავს პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.
ტენდერის პირობები და ვადები
ტენდერი 2025 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47,000,000 ლარს შეადგენს, ხოლო დაფინანსება თბილისის ბიუჯეტიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება:
- 2025 წელი - 10,000,000 ლარი;
- 2026 წელი - 18,000,000 ლარი;
- 2027 წელი - 19,000,000 ლარი.
შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
პროექტის ძირითადი მოთხოვნები
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:
- არსებული შადრევნებისა და კასკადის პირვანდელი ვიზუალის აღდგენა;
- ჰიდროიზოლაციის გაუმჯობესება;
- ელექტროენერგიის დამზოგველი განათების სისტემის დამონტაჟება;
- წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების სრული განახლება;
- სამშენებლო სამუშაოების საქართველოს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელება;
- ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია ვიდეომეთვალყურეობის, ელექტრომომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და სეისმომედეგი კონსტრუქციების უზრუნველყოფა.
პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7,850,000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1,000,000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ.
გარანტია და ვალდებულებები
შერჩეულმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათების) საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.
ვაკის პარკი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დედაქალაქის ურბანული გარემოს განვითარებაში.
უბედური შემთხვევა შადრევანზე, სასამართლო და გაჭიანურებული რეაბილიტაცია
აღსანიშნავია, რომ კასკადის სამუშაოების დასრულება სრულად ჯერ 2022 წლის ბოლოსთვის, ხოლო შემდეგ 2023 წლის გაზაფხულზე ანონსდებოდა. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. 2022 წლის მდგომარეობით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტზე 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის შედეგად, ერთი მოზარდი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. საქმეზე დაკავებულები არიან, როგორც შადრევნის მშენებელი კომპანია "გრინსერვისი+“-ის თანამშრომლები, ისე "მშენ-ექსპერტის“ და „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომლები. მაშინ დააკავეს ასევე თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენი 8 პირი კი დამნაშავედ ცნო.