თბილისის მერიის ინფორმაციით, „ვარკეთილის“მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაიტანეს.
მერიის ცნობითვე, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებელს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.
სამგორის გამგეობის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ, ისინი სამი თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.
“მუნიციპალურმა ინსპექციამ კი მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობას მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, ტროტუარის დაკავების შედეგად, გადაადგილება ფერხდებოდა”,-აცხადებენ მერიაში.




























