მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიას რომ ჰკითხოთ, "ბოთლიყლაპია" აპარატების პროექტი განხორციელდა"

5dda9fcd4a15e
ანი ციხისთავი
25.11.19 10:10
1291
კუკური ბარამიძე “შენი იდეა ქალაქის მერს” პროექტის ის მონაწილეა, რომლის იდეაც თბილისის მერიამ დაამტკიცა. ბარამიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიის განცხადებით, პროექტი “განხორციელდა” - მისი თქმით, ქალაქში დაიდგა ძაღლის საკვები აპარატები, რომლებიც იმ პერიოდში შეთავაზებული სრულიად სხვა პროექტის იდეა იყო. “დავურეკე და ვუთხარი, რომ ამ აპარატების დადგმა საერთოდ არ ყოფილა ჩემი იდეა, “აბა რა უნდა დაგვედგაო”, ასეთი არაკომპეტენტური პასუხი გამცეს”, - აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს” საზოგადოებისთვის პატარა მოტივატორი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ იდეამ ხორცი ბოლომდე ვერ შეისხა, რადგან, ამ პროექტის ფარგლებში ძალიან მცირე რაოდენობის პროექტები განხორციელდა.

ბარამიძის თქმით, მერიამ განაცხადა, რომ ამ აპარატების დადგმასთან ერთად პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

“ამ ამბის შემდეგ ბევრი ვეძებე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არაფრის მშენებლობა არ დაწყებულა”, - ამბობს ბარამიძე.

ბოთლიყლაპია აპარატების იდეის ავტორი რამდენიმე თვეში მანიფესტის შექმნასა და მერიასთან აქციის მოწყობას გეგმავს. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებულ მანიფესტს 32 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. ის ამბობს, რომ ეს დიდი საზოგადოებრივი მოთხოვნაა. “მე პირადად ვაპირებ, ეს თემა ისევ გავაღვივო საზოგადოებაში. ეს არის დანაშაული ხალხის წინაშე და ამაზე პასუხს მოვითხოვ”, - აცხადებს ბარამიძე.

ცნობისთვის, ბარამიძის იდეა “ბოთლიყლაპია” აპარატების დადგმა იყო, რომლებიც მერიას პლასტმასის ბოთლების თავიდან გადამუშავების საშუალებას მისცემდა და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას ემსახურებოდა. ამასთან ერთად, ქართველ მწარმოებლებს საქართველოში წარმოებული ბოთლების გამოყენების საშუალებას მისცემდა და მათი პროდუქციის თვითღირებულების შემცირებასაც დაეხმარებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები