„დღეს რომ თბილისის მერიას 10 000 სამუშაო ადგილი მიაწოდოთ, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ე.წ. „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამაზე“ საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ "შრომისუნარიან ადამიანებს საქმეს გამოუძებნიან".
„ათასობით და ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ერთდროულად, ავტომატურად“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმითვე, ქვეყანაში „საქმე არის ულევი და ამ საქმეს ჩვენ ვერ გამოვლევთ მრავალი წლის განმავლობაში“.
პოტენციურ სამუშაო ადგილებს შორის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა მშენებლობები, ტყეების გაშენებასა და ქარსაცავების აღდგენაზე მოქალაქეების დასაქმება და ა.შ.
აღსანიშნია, რომ ამ თემაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერიაც დაასახელა, როგორც დასაქმების ერთ-ერთი პოტენციური ადგილი.
„მაგალითად, ავიღოთ თბილისის მერია, დღეს რომ მიაწოდოთ <მერიას> 10 000 მუშახელი, გაძლევთ პირობას, გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს... იმდენია საქმე ქალაქში, ყველგან“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღსანიშნია, რომ წამყვანის რეპლიკას, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციაში ადამიანების დასაქმების შემთხვევაში საჭირო ფინანსურ რესურსს შეეხებოდა, პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა:
"რესურსი ისედაც გვაქვს და ისედაც იხარჯება, სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს ხომ, მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. იდეა ამაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის. რაც თქვენ მკითხეთ - ხომ არ მოაკლდება საქმე, თუ გადავა სხვაგან - ამას ყველაფერს იმგვარად დავალაგებთ, რომ ეს იყოს კოორდინირებული და კონტროლის ქვეშ. პირობითად, რომელიმე სხვა კომპანიას რომ დასჭირდეს დაქირავება, დამატებით, რა თქმა უნდა, ჩაერიცხებათ, მიეცემათ შემოსავალი და სახელმწიფო არ იქნება ამის წინააღმდეგი.
მინდა, რომ ეს ყველაფერი, პროცესი იანვრიდან დავიწყოთ. ამ პროცესს, მომზადებას დასჭირდება რამდენიმე თვე, სისტემატიზაციას, დალაგებას, სისტემის აწყობას, ერთ თვეში ამას ვერ დავალაგებთ, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ გაზაფხული-ზაფხულისთვის ყველაფერი იყოს დალაგებული. 5-6 თვის განმავლობაში ეს სისტემა შეიძლება კარგად გაიმართოს ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში", - თქვა მან.
პრემიერის პროგნოზით, „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა“ მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, უახლოეს მომავალში, ის სამუშაო ჯგუფს ევროპაში გაგზავნის.




























