მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიაში აცხადებენ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანას დაჩქარებული ტემპით გეგმავენ

თბილისის ზოოპარკი

თბილისის მერია ზოოპარკის კოსტავას ქუჩიდან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანას დაჩქარებული ტემპით აპირებს. ამის შესახებ კახა კალაძის „გარემოს დაცვის პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. მისი თქმით, არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს, რომელიც მზიურის პარკს დაუკავშირდება.

"დედაქალაქში არსებობს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც დავიწყეთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. დამეთანხმებით, რომ დღეს აღნიშნული ზოოპარკი ვერ პასუხობს ვერანაირ თანამედროვე მოთხოვნებს, ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით, ამიტომ დავგეგმეთ დაჩქარებული ტემპით ზოოპარკის გადატანა თბილისის [ზღვის] ტერიტორიაზე, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე ახალ სივრცეს.

50 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება ახალი ზოოპარკი, რომელიც სრულიად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იქნება მოწყობილი და უკვე ძველი, არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე გვინდა, მოვაწყოთ ახალი პარკი, რომელიც დაუკავშირდება შესაბამისი ხიდებით ან გვირაბებით მზიურის პარკს, და მივიღებთ ერთიან პარკს, რომელიც ვაკეს და საბურთალოს რაიონებს დააკავშირებს. ჯამში 25 ჰექტარამდე გამოვა აღნიშნული პროექტი", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერის მოადგილეს პრეზენტაციაზე ახალი ზოოპარკის გახსნის ვადები არ დაუკონკრეტებია და არც პროექტის ფინანსურ ნაწილზე უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობაზე საუბარი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ დაიწყო. ახალი ზოოპარკის მოწყობა იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება 2017 წელსაც.

48 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ ზოოლოგიურ პარკში ამ დროისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა როგორც გასულ ზაფხულს BM.GE-ს ზოოპარკში განუცხადეს, ინფრასტრუქტურის დასასრულებლად და სტუმრებისთვის კარის გასაღებად, საჭირო იყო დამატებით ინვესტიციები, რომელთა მოძიებაზეც მუშაობდნენ. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე BMG-ს ეთერში აღნიშნავდა, რომ თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ნაწილი – "კავკასიის ფაუნა", მომავალ წელს გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები