თბილისის მერიიდან ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი გაათავისუფლეს. მაჭარაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ გათავისუფლების საფუძველი წესდების მე-4 მუხლის "ბ" ქვეპუნქტი და მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას 2025 წლის 3 აპრილის მოხსენებითი ბარათია. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მერიიდან პოლიტიკური მოტივით გაუშვეს.

"დღეს, 4 აპრილს მივიღე მთავრობის განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულება ძალაშია მიმდინარე წლის 8 აპრილიდან.
აღსანიშნავია, რომ არანაირი გაფრთხილება, წინასწარი შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, მანამდე არ მიმიღია. აღმოჩნდა, რომ მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას მიუმართავს მერისთვის მოხსენებითი ბარათით, რომლის მიხედვითაც, მე არაჯეროვნად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, კერძოდ, 6 დეკემბრიდან 14 თებერვლამდე ვისარგებლე ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულებით და თითქოს ამის თაობაზე მერია არ გამიფრთხილებია, თუმცა ჩემი მხრიდან გაგზავნილია შესაბამისი შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ასევე შვებულების მოთხოვნა ატვირთულია პროგრამულადაც.
ჩემი შვებულებაში გასვლის გამო, ბასიალაის საფუძვლიანი ეჭვი გასჩენია, რომ ბიბლიოთეკების კოორდინირებული მართვა და დამფუძნებელთან კომუნიკაცია მომავალშიც იქნება არაჯეროვანი. კომიკური კი ის არის, რომ შვებულებაში გასვლამდე ოთხი დღით ადრე, გასული წლის 2 დეკემბერს, მერიაში დამიბარეს და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საკუთარი ნებით განცხადების დაწერა და დაკავებული პოზიციის დატოვება მომთხოვა, რადგან “ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს”.
ამ ყველაფრის საწყისი კი ჩემი ღია და გულწრფელი სამოქალაქო პოზიცია იყო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც მომცეს თბილისის ბიბლიოთეკების განახლების, კეთილმოწყობისა და უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება. ცხადია, ჩემი გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად. კვლავ მჯერა, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი ქვეყნისა და სინდისის ღალატად. შევხვდებით სასამართლოში და კვლავ რუსთაველის გამზირზე", - აცხადებს მაჭარაშვილი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელიც გაუშვა თანამდებობიდან.




























