ფრანგმა ფერმერებმა პარიზის გზებისა და ქალაქის რამდენიმე ღირსშესანიშნაობის ბლოკირება დაიწყეს. Reuters-ის ცნობით, ისინი ევროკავშირისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის დაგეგმილ ფართომასშტაბიან სავაჭრო შეთანხმებასა და ადგილობრივ პრობლემებს აპროტესტებენ.
საპროტესტო ტალღა ფერმერთა მსხვილმა გაერთიანებამ, Coordination Rurale-მა დაიწყო. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ "მერკოსურის" (Mercosur) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირში იაფ იმპორტირებულ სურსათს გააჩენს. გარდა ამისა, ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ პირუტყვის დაავადებებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გატარებული ზომების გამოც.
ფერმერებმა გამთენიისას გზა ტრიუმფალურ თაღთან გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ ალყა შემოარტყა. ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, დილის პიკის საათამდე ათობით ტრაქტორმა დედაქალაქისკენ მიმავალი მაგისტრალები ჩახერგა, რამაც 150-კილომეტრიანი საცობი გამოიწვია.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სავაჭრო შეთანხმებას კენჭი პარასკევს უნდა უყარონ.
საფრანგეთი აღნიშნულ სავაჭრო გარიგებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება. მიუხედავად ბოლო წუთს მიღებული მნიშვნელოვანი დათმობებისა, საკითხი მთავრობისთვის პოლიტიკურად სენსიტიურია, განსაკუთრებით მარტში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალების მაღალი რეიტინგის ფონზე.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ენი ჟენევარმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრების მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, საფრანგეთი ბრძოლას გააგრძელებს ევროპარლამენტში, რომლის თანხმობაც შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელია.
მიმდინარე კვირას ევროკომისიამ ფერმერებისთვის 45 მილიარდი ევროს დაფინანსების უფრო ადრე გამოყოფისა და სასუქებზე საბაჟო გადასახადის შემცირების პირობა დადო, რათა მერყევი ქვეყნების გული მოიგოს.
გარიგებას მხარს უჭერენ გერმანია და ესპანეთი, კომისია ახლოსაა იტალიის დაყოლიებასთანაც. რომის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეთანხმების დასამტკიცებლად ხმები საფრანგეთის მხარდაჭერის გარეშეც ეყოფა.
ფერმერები ასევე ითხოვენ, შეწყდეს პირუტყვის დახოცვის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა მაღალი გადამდებლობის მქონე დაავადების (კვანძოვანი დერმატიტი) საპასუხოდ ატარებს. ისინი აღნიშნულ ზომებს გადამეტებულად მიიჩნევენ და ვაქცინაციას ითხოვენ.




























