„შკალით რომ ავიღოთ, ეს ალბათ მერვე ან მეშვიდე რიგის პრობლემაა“ - ასე აფასებს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგოპროექტების განმახორციელებელი კომპანიებისთვის ჯარიმებით დაგროვილი ₾1 მლრდ-ის მოცულობის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებას „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგოპროექტების განმახორციელებელ კომპანიებს 1 მლრდ ლარზე მეტის დაგროვილ დავალიანებებს ჩამოაწერენ. გადაწყვეტილება პრემიერმა გუშინ გააცხადა და კომპანიებს, რომლებსაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიების პროექტების განხორციელების სურვილი აქვთ, გარკვეული დათქმებიც გაუკეთა. კობახიძე კომპანიებს დაჰპირდა, რომ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადახდას მკაცრად მიუდგებიან. პროექტების შესრულების განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიებს ახლად დაგროვილ პირგასამტეხლოს სრულად დააკისრებენ და ამასთან ერთად, ნაპატიებ ჯარიმებსაც აღუდგენენ.
მთავრობის გაცხადებული სტრატეგიის მიხედვით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამისთვის ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარებაა საჭირო. “უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს”, - განაცხადა კობახიძემ.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას გიორგი მარგებაძე გადაწყვეტილებას „სწორს, ლოგიკურს და სამართლიანს“ უწოდებს და განმარტავს, რა ტიპის ჯარიმებით დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ ინვესტორ კომპანიებს. კერძოდ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საუბარია იმ ჯარიმებზე, რომლებიც კომპანიებს სხვადასხვა ვადაგადაცილების გამო დაუგროვდათ, თუმცა ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ბიზნესისგან ამ ჯარიმების გადახდას არ ითხოვდა. ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებით განახლებულმა ხელმძღვანელობამ კი მიდგომა შეცვალა და სექტემბერში განახლებადი ენერგოპროექტების შემსრულებელ კომპანიებს განუცხადა, რომ მათ ჯარიმების გადახდა მოუწევდათ. სწორედ ამ ჯარიმების ჩამოწერაზეა დღეს საუბარი.
მისი თქმით, დღეს პასუხისმგებლიან და „არაკეთილსინდისიერ“ ინვესტორებს ყველა დავალიანება ჩამოეწერებათ, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება რამდენად პასუხისმგებლობით მიუდგება ბიზნესი პროექტების შესრულების პროცესს, რადგან სახელმწიფოს აქვს დათქმა, რომ დარღვევების შემთხვევაში კერძო ინვესტორებს ახალ ჯარიმებთან ერთად ძველის გადახდაც მოუწევთ.
„როდესაც ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, პირველი რაც გავიგეთ, ის იყო, რომ ყველა ინვესტორს მკაცრად მიუდგებოდნენ. ვისაც მთავრობასთან მემორანდუმებით ვალდებულებები ჰქონდა დარღვეული ყველასთან, თანაბარი მიდგომა ექნებოდათ. რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვიცოდით, რომ მსჯელობა მიდიოდა სამინისტროში, ანუ შიგნით და ზუსტად რა პირობით და რა ფორმულირებით იქნებოდა, ეს არ ვიცოდით. რაც გავიგეთ, ვფიქრობ, ძალიან სწორი, ლოგიკური და სამართლიანი მიდგომაა.
ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით, 15 წელია ამ სფეროში ვარ. მთელი ეს პერიოდი იმ კომპანიებს, ვისაც დაგვიანებები და ვადაგადაცილებები ჰქონდა, სამინისტრო და სახელმწიფო სანქციებს და ჯარიმებს არ უწესებდა. მიჩვეულები ვიყავით, რომ სულ რომ რაღაცა დაგვეგვიანებინა, არავინ დაგვაჯარიმებდა. ვადაგადაცილების შემთხვევაში კონკრეტული კომპანია პირობითად მიმართავდა სამინისტროს, ეტყოდა, რომ ვერ ვასრულებ რაღაც პირობას ამ ვადაში და გაგრძელებას სთხოვდა. იქ უკვე დეტალებში - რატომ ვერ ასრულებდნენ, იყო თუ არა ეს საპატიო მიზეზი - არ ჩადიოდნენ, რაც ჩემი აზრით, სწორი არ იყო.
მე, ასოციაციის სახელით და არა მარტო, ყოველთვის ვამბობდი, რომ მსგავსი მიდგომა არასწორია, იმიტომ, რომ ბაზარზე ამ მიდგომამ შექმნა „სპეკულანტი ინვესტორები“, რომლებიც სახელმწიფოსთან აფორმებდნენ მემორანდუმებს, საბანკო გარანტიებიც მოჰქონდათ და იცოდნენ, რომ არ დაჯარიმდებოდნენ და ამ საბანკო გარანტიას ბოლოს და ბოლოს რაღაცა პერიოდში უკან დაიბრუნებდნენ. შესაბამისად, კვლევებს არ ატარებდნენ. პროექტის შესასრულებლად საჭირო კვლევები კი კონკრეტულ ვადებში - მესამე თვეს, მეექვსე თვეს უნდა მიიტანო, ეს ყველაფერი გაწერილია. ისინი ამას არ აკეთებდნენ და ამ ფურცლებით ცდილობდნენ ინვესტორის მოყვანას. ფასი ჰქონდა ძალიან დიდი, ვაჭრობდნენ ამ ფურცლებით, კარგი პროექტები ჰქონდათ დაჯავშნილი, მათ შორის დაჯავშნილი როგორც ტერიტორიულად, ისევე ელექტროსისტემაში და ენერგოპროში, ანუ მიერთებებიც დაჯავშნილი ჰქონდათ. ამ პირობებში კეთილსინდისიერი ინვესტორი, ვისაც რეალურად ენერგოპროექტის აშენება უნდა, ხედავდა, რომ ეს კარგი ადგილი ვიღაცას დაკავებული ჰქონდა. ამას უამრავი პრობლემები მოჰყვებოდა“, - ამბობს მარგებაძე.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისთვის დავალიანებების ჩამოწერა ეხება როგორც პასუხისმგებლიან, ასევე „სპეკულიანტ“ ინვესტორებს, რითაც მთავრობამ „არაკეთილსინდისიერ“ დეველოპერებს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა მისცა, რითაც ბაზარზე გარკვეული სიცხადე გაჩნდება.
#რედაქტ2-ის კითხვაზე: დავალიანებების ჩამოწერა, რომელი რიგის გამოწვევა იყო ენერგოსექტორისთვის, რადგან კობახიძემ თქვა, რომ “უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს”, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარგს „კიდევ უამრავი პრობლემა აქვს... შკალით რომ ავიღოთ, ეს ალბათ მერვე ან მეშვიდე რიგის პრობლემაა“ და დასძენს, რომ ენერგოპროექტების განხორციელებისას დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„დროზე მნიშვნელოვანი არაფერია. ეს 1 მილიარდი ლარი კომპანიებზე რომ გადაანაწილო, ვიღაცისთვის შეიძლება 100 000 დოლარი იყო ჯარიმა, ვიღაცისთვის 200 000, ვიღაცისთვის 15 000 დოლარი. ვერ იტყვი ასე, ვის რამდენი, რა ვადა ჰქონდა გადაცილებული. ახლა ვიღაცისთვის 15 000 დოლარი თუ იყო, იმას გინდ ჩამოაწერე, გინდ არა... იმის თქმა მინდა, რომ მთავარი დროა. როდესაც სამინისტრო ამ თემას ასეთი სიმკაცრით მიუდგება, გამოვა, რომ ის სპეკულანტი ინვესტორები ბაზრიდან ნელ-ნელა გავლენ, გამოთავისუფლდება მიერთების ადგილები, გამოთავისუფლდება კარგი პროექტები, რომელიც ვიღაცების ბიძაშვილებს დაჯავშნილი ჰქონდა... ანუ ეს სწორი მიდგომაა. იმის კვლევაში, ვინ რამდენით უნდა დაჯარიმებულიყო და სამართლიანი იყო თუ არა ეს ჯარიმები, დიდი დრო გავიდოდა. ანუ ეს იყო პრობლემა...
თუმცა ამ პრობლემის გარდა, დარგს აქვს ძალიან ბევრი საჭიროება, მაგალითად, ქსელზე მიერთების საკითხი და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.




























