ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი პროფიციტული იყო, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში უფრო დიდი მოცულობის სავალუტო ნაკადები შემოვიდა, ვიდრე გავიდა. თანხობრივად პროფიციტის ზომამ 163 მილიონი დოლარი, ანუ კვარტლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2% შეადგინა. მესამე კვარტალში დადებითი ბალანსის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იყო.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადეელო ბალანსი პროფიციტული იყო 2022 წლის მესამე კვარტალშიც, თუმცა წინა წელს პროფიციტის ზომა უფრო დიდი იყო და მშპ-ს 4.8%-ს შეადგენდა.
საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.
"მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.5 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, 2023 წლის მესამე კვარტალში 1.4 მლრდ აშშ დოლარს (3.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.3 პროცენტით აღემატება.
2023 წლის მესამე კვარტალში, წმინდა შემოსავლის ანგარიში -468.4 მლნ აშშ დოლარი (-1.2 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 5.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 11.0 პროცენტით შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 6.1 პროცენტით შემცირდა და 2023 წლის მესამე კვარტალში 889.3 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 6.8 პროცენტით შემცირდა 840.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.2 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 227.0 მლნ აშშ დოლარი (594.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.8 პროცენტია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია. ყველაზე დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა და მან მშპ-ის 4.1% შეადგინა.
2023 წლის პირველ კვარტალში დეფიციტი კვარტლის მშპ-ის 3.2% იყო, მეორე კვარტალში დეფიციტი კვარტლის მშპ-ის 4.9%, ხოლო მესამე კვარტალში პროფიციტი კვარტლის მშპ-ის 2% იყო.