2024 წლის ბიუჯეტის ზომა 165 მილიონი ლარით გაიზრდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ზრდა ძირითადად რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზე მიიმართება. ამ მატების შედეგად მომდევნო წელს ბიუჯეტის ხარჯების ზომა 25 მილიარდ ლარს მიაღწევს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 580 მილიონი გახდება.
„გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.
კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.
კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო ლაშა თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბიუჯეტის მესამე წარდგენის პროექტი ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.