მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია 2025 წლის დასაწყისში დასრულდება, - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო იტყობინება. უწყებამ პროექტისთვის 14 140 000 ლარი გამოყო.
როგორც დაგეგმილია, მესხეთის თეატრში მოეწყობა ორი დარბაზი. მცირე დარბაზი - 100, ხოლო დიდი დარბაზი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. სრულად განახლდება როგორც თეატრის შიდა სივრცე, ისე - შენობის ფასადი, მოპირკეთდება თეატრის ეზოც.
"თეატრში საგასტროლოდ/სამუშაოდ ჩასული რეჟისორებისა და მსახიობებისთვის მოეწყობა რვა სასტუმრო ოთახი, შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე, რომელიც თავის მხრივ უმასპინძლებს შემოქმედებით პროექტებს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალციხის სალოტბარო სკოლა მესხეთის თეატრის ახალი შენობის გახსნის შემდეგ იქ შეძლებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას, რაც თეატრის შენობას ხელს შეუწყობს, იქცეს კულტურის მრავალფეროვან კერად", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
თეატრის რეაბილიტაციის ტენდერში, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა, ერთადერთმა კომპანია შპს ბილდკინგსმა მიიღო მონაწილეობა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულებაც. კომპანია "ბილდკინგსი" 2016 წელს დაფუძნდა, მისი მფლობელები არიან ლაშა რუხაძე (40%), ნელი კალაძე (40%) და ნანო რუხაძე (20%). აღსანიშნია, რომ ლაშა რუხაძეს "ქართული ოცნებისთვის" 15 000 ლარი აქვს შეწირული.