ბაზარზე ორი თვეა მესხური ნუგბარის მწარმოებელი კომპანია Baqmazia გამოჩნდა, რომელიც ტრადიციული მესხური პროდუქტის, თუთის ბაქმაზის თანამედროვე ფორმით წარმოდგენას ცდილობს. როგორც ობიექტის დამფუძნებელი გიორგი მაღრაძე BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, ბრენდის შექმნის იდეა მესხური სამზარეულოს უნიკალური, თუმცა ნაკლებად ცნობილი მემკვიდრეობის გაცნობის სურვილმა გააჩინა.
მისი თქმით, იდეა ერთ ჩვეულებრივ საუბარში დაიბადა, როცა მეგობრებთან ერთად მესხური სამზარეულოს მნიშვნელობასა და მის ნაკლებ ცნობადობაზე მსჯელობდნენ.
"Baqmazia-ს შექმნის იდეა ერთ ჩვეულებრივ საუბარში გაჩნდა. მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად მდიდარი და უნიკალურია მესხური სამზარეულო, მაგრამ ამავე დროს რამდენად ცოტა ადამიანი იცნობს მის ნამდვილ საგანძურს. განსაკუთრებით გული გვწყდებოდა ბაქმაზზე - თუთისგან დამზადებულ ტრადიციულ პროდუქტზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მესხური ოჯახების ნაწილი იყო, თუმცა დღეს ბევრისთვის თითქმის დავიწყებულია", - ამბობს გიორგი მაღრაძე.
მისივე თქმით, სწორედ ამ პროცესში გაჩნდა იდეა, ბაქმაზისთვის ახალი სიცოცხლე მიეცათ და შეექმნათ ნუგბარი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვე გემოვნებას გააერთიანებდა.
"სწორედ მაშინ გაგვიჩნდა სურვილი, ბაქმაზისთვის ახალი სიცოცხლე შეგვეძინა. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ნუგბარი, რომელიც ერთდროულად შეინარჩუნებდა მესხურ ტრადიციას და თანამედროვე ადამიანის გემოვნებასაც მოერგებოდა. ასე დაიბადა Baqmazia - პროდუქტი, რომელიც თუთის ბაქმაზს, ნიგოზს, თხილსა და შავი ქლიავის ჩირს აერთიანებს. ჩვენთვის ეს მხოლოდ ტკბილეული არ არის. ეს არის მცდელობა, რომ მესხეთის გემო, ისტორია და კულტურა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ.
დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი Baqmazia-ა. მომხმარებლების ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს მისი შემადგენლობა, თუთის ბაქმაზის გამოყენება და ის ფაქტი, რომ პროდუქტი დამატებული შაქრის გარეშე მზადდება“, - აღნიშნავს დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს და თითოეული პროდუქტი მიწოდებამდე ერთი დღით ადრე მზადდება. პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება და 150 -გრამიანი შეფუთვის ღირებულება 25 ლარითაა განსაზღვრული.
„ამჟამად წარმოების მოცულობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ ეტაპზე ვამზადებთ მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით. როდესაც გვიკვეთავს მომხმარებელი, მისთვის განკუთვნილი შეფუთვა მზადდება მიწოდებამდე 1 დღით ადრე.
ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ინტერნეტ გაყიდვებით, ფეისბუქ და ინსტაგრამის პლატფორმების მეშვეობით, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ საიტზეც და მალე ჩაეშვება ვებგვერდიც“, - აცხადებს ის.
მისი თქმით, მომხმარებლების მხრიდან მზარდი ინტერესი აჩვენებს, რომ ტრადიციული ქართული ნუგბარის მიმართ მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თანამედროვე ფორმა და ხარისხიანი შეფუთვა აქვს.
გიორგი მაღრაძე გამოწვევებზეც საუბრობს და ნედლეულის სტაბილურ მიწოდებასა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ასახელებს.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხია ხარისხიანი ნედლეულის სტაბილური მიწოდება. ასევე გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლის ცნობიერებაც, რადგან ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის რა არის ბაქმაზი და რა ტრადიცია დგას მის უკან“, - აღნიშნავს ის.
მისი შეფასებით, ტურიზმს მნიშვნელოვანი როლი აქვს Baqmazia-ს განვითარებაში, რადგან მესხეთში ჩასული ვიზიტორები განსაკუთრებით ინტერესდებიან ადგილობრივი გემოებითა და ტრადიციებით. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია, რომ Baqmazia არ დარჩეს მხოლოდ ერთ პროდუქტად და გადაიქცეს ბრენდად, რომელიც მესხურ ტრადიციულ ნუგბარს ფართო აუდიტორიას გააცნობს.




























