მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება კვლავ გრძელდება. მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია. როგორც BMG-ის "ენერგო - პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, თუ მუნიციპალიტეტი 2023 წლის სექტემბერში 250 000 კვტ/სთ.-ის ელექტროენერგიას მოიხმარდა, ოქტომბერში მოხმარება 350 000 კვტ/სთ.-მდე გაიზარდა.
"მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება კვლავ გრძელდება. სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტების საწარმოების გამო მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა. ამას ემატება ისიც, რომ ტემპერატურული ცვლილების გამო, კიდევ უფრო გაიზარდა მოხმარება. სექტემბერში მესტიის მუნიციპალიტეტი თუ დღეში 250 000 კვტ/სთ.-ს მოიხმარდა, ახლა მოხმარება 350 000 კვტ./სთ.-მდეა გაზრდილი. იქ არსებული ქსელი, რა თქმა უნდა, კვლავ ვერ უძლებს ამხელა დატვირთვას და ავარიული შემთხვევები ხდება. ჭარბი მოხმარების გამო მწყობრიდან გამოდის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ენერგოინფრასტრუქტურა", - განაცხადა “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.
ავთო დვალიშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის კრიტიკულად გაზრდის გამო, კომპანიის ფინანსური ზარალი 50 მილიონ ლარს აჭარბებს.
"შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ ამ წლების განმავლობაში სრულად 50 მილიონ ლარზე მეტი ზარალი ნახა. რა თქმა უნდა, კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ამ ჭარბი და ამხელა მოხმარების ფონზე, წლებისა და დღეების განმავლობაში კიდევ უფრო და უფრო ზიანდება ელექტრო გადამცემი ხაზები, ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა გაატაროს ელექტროენერგია, რომ შემდეგ საბოლოოდ აბონენტამდე მივიდეს", - აღნიშნა ავთო დვალიშვილმა.