მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მესტიაში ქარხნების განთავსება არ იგეგმება" - რას მოიცავს მესტიის სივრცის დაგეგმარების გეგმა?

სვანეთი

მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება დაავალა. ამის შესახებ მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული განკარგულებიდან ვიგებთ, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნული გეგმა იმ გეგმარებითი დავალების საფუძველზე უნდა მომზადდეს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წელს დაამტკიცა. ამავე განკარგულების თანახმად, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ევალებათ და მესტიის მუნიციპალიტეტს ეთხოვება, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით ხელი შეუწყონ დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შემუშავებული სივრცის დაგეგმარების გეგმის ოფიციალური დამტკიცება.

BM.GE მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და პროცესი მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს, რის გამოც პროცესის დასრულების ვადის დასახელება რთულია.

მერის განცხადებით, განვითარების კონცეფცია გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ პროგრესს შორის ბალანსზეა აგებული. მისი თქმით, მესტიაში არ იგეგმება ისეთი საწარმოების განთავსება, რომლებიც გარემოს დააზიანებს, ხოლო მთავარი აქცენტი სუფთა გარემოს შენარჩუნებასა და ეკოლოგიურად მდგრად განვითარებაზე კეთდება.

"დიდი ხანია დაწყებული გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა და უკვე ერთი წელია, ამ პროცესში ვართ ჩართული. დასრულების კონკრეტულ ვადას ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი. ჩვენთვის განვითარება პირველ რიგში ბუნების შენარჩუნებას ნიშნავს - ისე, რომ გარემო არ დავაზიანოთ და ამავე დროს, ეკონომიკაც განვავითაროთ.

მესტიაში არ იგეგმება ქარხნების განთავსება ან ისეთი პროექტები, რომლებიც გარემოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ვმუშაობთ სუფთა გარემოს პრინციპით და სწორედ ასეთ განვითარებას ვხედავთ მუნიციპალიტეტისთვის. საუბარია პარკების შექმნაზე, მათ შორის კავკასიონზე ყველაზე დიდი პარკის, ასევე გლაციოლოგიური და კვენულის პარკების განვითარებაზე. გეგმები გვაქვს კავკასიონისა და ტვიბერის მიმართულებით, ასევე სამხრეთ ფერდობზე დაცული ტერიტორიების შექმნაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჩვენი წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება. პირველ ეტაპზე, მთლიანად გეგმების შემუშავებაზე ვართ ორიენტირებული", - განაცხადა მესტიის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები