მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში შუქი ჩაირთო, თუმცა მაღალი მოხმარების გამო ქსელი ვერ უძლებს - „ენერგო-პრო ჯორჯია”

63f71f4bd1349
ინგა მურუსიძე
23.02.23 12:01
1905
დაბა მესტიას შუქი მიეწოდება, თუმცა ისეთი მოხმარების პირობებში, როგორიც იქ არის, ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ხაზები ავარიულად კვლავ არ გამოვა მწყობრიდან, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტია იმდენად დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რომ ხაზები ფიზიკურად ვერ უძლებს.

„დაბა მესტიაში შუქი უკვე მოვიდა, დარჩენილია რამდენიმე სოფელი და იქაც მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემა ზოგადია. ეს არ არის ის პრობლემა, რომ ახლა არ ჰქონდათ ელექტროენერგია და ჩაირთო.

თქვენ იცით როგორი გაზრდილი მოხმარება აქვს მესტიას. რიცხვებში რომ გითხრათ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში ჩვენ გვაქვს 58 მომსახურების ცენტრი რეგიონების მიხედვით. ყველა ერთად, საყოფაცხოვრებო აბონენტები, დღე-ღამეში მოიხმარს 4.8 მლნ კვტ. ელექტროენერგიას და აქედან 0.4 მლნ კვტ. ელექტროენერეგიას ხარჯავს მხოლოდ მესტია. ესენი არიან მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი. ანუ, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების მოხმარების დაახლოებით 10% მოდის მესტიაზე. ეს არის ალბათ მთავარი პრობლემა. ის, რომ ფულს არ იხდიან და უფასოდ აქვთ შუქი, ისედაც ყველამ იცის. ასეთი მოხმარების პირობებში ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ავარიულად არ გამოვა მწყობრიდან ხაზი ისევ, როგორც აქამდე. ავარიული სიტუაციები ხდება იმის გამო, რომ ქსელი მაღალი მოხმარების გამო გაცვეთილია და ფიზიკურად ვერ უძლებს“, - განუცხადა bm.ge-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების დაწყება საბალანსო მრიცხველების დამონტაჟებით შესაძლებელი იქნება, თუმცა ამის საშუალება ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადგილზე გადაადგილების და ოპერირების საშუალება არ ეძლევა“, - ამბობენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის, სასტუმროები აცხადებენ, რომ უშუქობის გამო სტუმრები ჯავშნებს აუქმებენ და შესაბამისად, სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები