მესტიაში უკონტროლო მაინინგის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად სემეკს მომხმარებელთა ეტაპობრივი გამრიცხველიანება მიაჩნია. ეს ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც მარეგულირებელმა აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე მოამზადა.
საქმე ის არის, რომ მესტიაში უკონტროლო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა კვლავ გამოწვევად რჩება. სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია. საკიხთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ "საქმის კურსთან" ისაუბრა.
„მარეგულირებელმა კომისიამ განაახლა 2020 წელს შემუშავებული გეგმა. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის ეტაპობრივი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხები, რათა საბალანსო მრიცხველებმა გვიჩვენოს სად არის გაზრდილი მოხმარება, შემდეგ უკვე გამანაწილებელი კომპანია ნახულობს გაზრდილი მოხმარების უკან რა დგას, რეალურად ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც ბიზნესს ეწევა, თუ ეს არის მაინინგი.
დღეის მდგომარეობით გარკვეული შეზღუდვები უკვე არის მესტიის მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ქსელი და ქვესადგურები ვერ უძლებს დატვირთვას. აქედან გამომდინარე, ეს შეზღუდვები ეხება როგორც მაინინგს, ასევე ეხება მოსახლეობას, ამიტომ მოსახლეობა გამოთქვამს ბუნებრივია წუხილს ამასთან დაკავშირებით, ამიტომ იძულებული ხდება მერე მაინინგის მფლობელები, რომ გამორთონ მათი მოწყობილობები ქსელიდან, სხვა შემთხვევაში შეფერხებებით ხდება ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.