ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგი კვლავ გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით მონიტორინგი გასამკაცრებელია.
BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა იმ გეგმის შესრულება, რომელიც სემეკმა სვანეთში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების მოსაგვარებლად მოამზადა და ყოფილ პრემიერს წარუდგინა. ნარმანიას განმარტებით, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და მათ შორის, კომერციული ობიექტების ნაწილმა ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაიწყო. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის განახლება იგეგმება.
„ახალ პრემიერთან აღნიშნულ საკითხებზე ჯერ სამუშაო შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა ვიცი, რომ იქნება ეს შეხვედრა, სადაც კომისია გააცნობს თავის პოზიციას. არის ცალკეული ნაბიჯები, რაც ამ პერიოდში გადაიდგა. მაგალითად, ახალი აბონენტების მიერთების საკითხები იყო გაჩერებული და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე, „ენერგო-პრომ“ ახალი აბონენტები, ვისაც განაცხადი ჰქონდა წარმოდგენილი, მიაერთა. გარდა ამისა, რაღაც ნაწილში მოხდა საბალანსო მრიცხველების დაყენება. კომერციულმა ობიექტებმა მეტ ნაკლებად დაიწყეს გადახადა, თუმცა არასაკმარისია და დამატებითი ღონისძიებები უნდა გატარდეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კვლავ გამოწვევად რჩება კრიპტომაინინგი და ამიტომ მონიტორინგი უნდა გამკაცრდეს. ეს არის ჩვენი და „ენერგო-პროს“ მოთხოვნა. ჩვენ განვაახლებთ იმ გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწერა, რადგან გარკვეული ნაწილი შესრულებულია, გარკვეული ახალი გარემოებებიც არის ამის შემდეგ და რა თქმა უნდა, ახალი გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას“,- თქვა ნარმანიამ მედიაცენტრ "მთავარში".
მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, რისი მთავარი მიზეზიც კრიპტოვალუტის მაინინგია, ბოლო წლებია გამოწვევაა. ამასთან, არ ხდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. "ენერგო-პროს" განცხადებით, კომპანიამ 50 მილიონ ლარზე მეტი იზარალა. კომპანიაში ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ჭარბი მოხმარება ელექტრო გადამცემ ხაზებს აზიანებს.