მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta €1.2 მილიარდით დაჯარიმდა

646b453c484e1
გიორგი არონია
22.05.23 14:36
587

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია, Meta €1.2 მილიარდით დააჯარიმა, - ამის შესახებ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომლის თანახმად, სასჯელი Meta-ს მიერ მარეგულირებლის წინარე მოთხოვნის შეუსრულებლობას უკავშირდება. კომისიის შეფასებით, Meta-მ ევროკავშირის მოქალაქეების პირად მონაცემებს კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამუშავებდა, რაც უწყების თქმით, ევროკავშირის მოქალაქეების უფლებებს საფრთხის წინაშე აყენებს.

მოცულობითი ჯარიმის გარდა, კომისიამ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაცემების გაგზავნის შეწყვეტისთვის ხუთთვიანი ვადა მისცა, ევროკავშირის მოქალაქეების პირადი მონაცემების დამუშავების შეწყვეტისთვის კი, ექვსი თვე გამოუყო.

როგორც Meta-ში ამბობენ, კომპანია ირლანდიური მარეგულირებლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან, მისი თქმით, ის “მცდარი” და “დაუსაბუთებელია”. ამასთან, Meta-მ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიას მიღებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან კომპანიის თქმით, ამით Facebook-ის მილიონობით ადამიანი იზარალებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, პირიქით ამ თემაზე საუბარი წლებია არ წყდება. მონაცემთა გაგზავნა და ევროკავშირის გარეთ დამუშავების პრაქტიკა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Meta-ს ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში აუკრძალა, როცა საუბარი იყო, რომ მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ევროკავშირში Facebook-ი, Instagram-ი და Meta-ს სხვა სერვისები, უბრალოდ გათიშულიყო. ყველაფერი ეს ევროკავშირის მიერ მიღებულ “მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას” უკავშირდება, რომელიც მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ერთგვარ გლობალურ სტანდარტად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები