ამერიკული Meta ჩინური AI-სტარტაპ Manus-ს ყიდულობს, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური პლატფორმით, რომელსაც ზოგადი დანიშნულების AI-აგენტის ფუნქცია აქვს.
Manus-ს შეუძლია არა მხოლოდ ტექსტური პასუხების გაცემა, არამედ რთული დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, როგორიცაა: მონაცემთა ანალიზი, მოგზაურობის დაგეგმვა, ბიზნესგეგმის შედგენა ან კოდის წერა.
Manus-ის ტექნოლოგია გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია ადამიანის მინიმალური ჩარევით დაამუშაოს მრავალეტაპიანი მოთხოვნები, რაც Meta-ს საშუალებას მისცემს, საკუთარ პლატფორმებში კიდევ უფრო დახვეწილი ციფრული ასისტენტები ჩააშენოს.
როგორც ცნობილია, სტარტაპის გუნდი Meta-ს AI-ქვედანაყოფს შეუერთდება და Facebook-სა და Instagram-ში AI-აგენტს ჩააშენებს.
მიუხედავად იმისა, რომ გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, ექსპერტები ამ შესყიდვას გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც განიხილავენ, რადგან ამერიკული გიგანტი ჩინურ სტარტაპს ყიდულობს, რაც ორივე ქვეყნის მარეგულირებლების ყურადღებას მიიქცევს.




























