მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

META ეკრანიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს - რა ვიცით Hypernova-ს შესახებ?

hypernova

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta ახალი თაობის ჭკვიანი სათვალის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ეკრანით იქნება აღჭურვილი და მომხმარებელს აპლიკაციებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პროექტი Hypernova-ს სახელითაა ცნობილი და ის Ray-Ban-თან კოლაბორაციით იქმნება, ანუ მისი დიზაინი Wayfarer-ის მსგავსი იქნება, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.

როგორც ცნობილია, ახალი თაობის სათვალის ღირებულება $1,000-დან დაიწყება და 1,500 დოლარს მიაღწევს, რადგან წინამორბედი ვერსიებისგან განსხვავებით, Hypernova მცირე ზომის კომპიუტერი იქნება და არც უბრალოდ ჭკვიანი სათვალე, რომელსაც მხოლოდ კამერა, მიკროფონი და დინამიკები აქვს.

Hypernova-ს პირველ ვერსიას, რომელიც ბაზარზე 2026 წლიდან გამოჩნდება, მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩაშენებული მინი-ეკრანი ექნება და ის ხელის ჟესტებითა და ჩარჩოს გვერდებზე არსებული სენსორული ზედაპირის მეშვეობით იმართება.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საუკეთესო გამოსახულება მიიღება მაშინ, როდესაც მომხმარებელი დაბლა იყურება, რადგან ეკრანი სწორედ ქვედა ნაწილშია განთავსებული. ჩართვისას, ეკრანზე ჩნდება ჰორიზონტალურად განლაგებული აპლიკაციების მენიუ, როგორც ეს Meta Quest-ის შემთხვევაშია.

აპლიკაციებით სარგებლობასთან ერთად, ახალი სათვალე შეძლებს სხვადასხვა დავალების შესრულებას, ვიზუალური მასალების ჩვენებას, ფოტოების გადაღებას და AI-ასისტენტის ფუნქციის შესრულებას. ამ მიმართულებით Hypernova-ში Meta-ს უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც როგორც ხმოვან, ასევე ვიზუალურ ინფორმაციას მიიღებს და მომხმარებელს შესაბამის მომსახურებას გაუწევს.

ამასთან, Bloomberg-ი იუწყება, რომ Meta მუშაობს Hypernova-ს შემდეგ ვერსიაზეც. Hypernova 2, სავარაუდოდ, ორ ეკრანს გააერთიანებს, რაც მომხმარებლისთვის უფრო რეალისტურ AR-გამოცდილებას უზრუნველყოფს. მისი გამოსვლა, 2027-28 წლისთვისაა დაგეგმილი.

უნდა აღინიშნოს, რომ Hypernova ცალკეული პროდუქტი იქნება და ის $300-იანი ჭკვიანი სათვალეების ალტერნატივად არ უნდა იქნეს განხილული. ასევე, მას არავითარი კავშირი არ აქვს პროექტ Orion-თან, რომელიც Meta-ს ფლაგმანური პროდუქტია და სათვალის სტრუქტურაში სრულფასოვანი XR/AR-გამოცდილების ინტეგრაციას ისახავს მიზნად. როგორც მარკ ცუკერბერგი თავად ამბობს, Orion-ის კომერციული ვერსიის შექმნას, სავარაუდოდ, 10 წელი დასჭირდება, ამიტომ Hypernova საეტაპო ნაბიჯად უნდა განვიხილოთ - გზად, რომელიც კომპანიამ იმისათვის უნდა გაიაროს, რათა ერთ დროს Orion-ის მასშტაბის რევოლუციური პროდუქტი შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები