Meta Connect-ის ღონისძიებაზე მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას ახალი ინოვაციური პროდუქტი - Meta Orion-ი წარუდგინა, რომელიც გაფართოებული, ანუ აუგმენტირებული რეალობის (AR) სათვალეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგია, რომელიც Facebook-ის შემოქმედ კომპანიას ოდესმე შეუქმნია, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს: სოციალურ ქსელებს, ინტერნეტს, ხელოვნურ ინტელექტს, მეტავერსს და ვირტუალურ რეალობას.
როგორც ცუკერბერგი ამბობს, ეს მოწყობილობა, რომელიც ჯერაც სატესტო პროტოტიპია, იქნება ის ფუნდამენტი, რომელზედაც Meta ახალ ეპოქას დააშენებს, ამ ეპოქაში კი სმარტფონებისა და კომპიუტერების ადგილებს სწორედ AR-სათვალეები დაიკავებენ.
უშუალოდ Orion-ს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ არის კომერციული ბაზრისთვის შექმნილი პროდუქტი და მისი სულ 1,000 ეგზემპლარი არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ Orion-ი სამეცნიერო ექსპერიმენტის ნაწილია და რეალურ პროდუქტს უახლოეს რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ, თუმცა იმას, რასაც ამჟამად ვხედავთ, რთულია შთამბეჭდავი არ ვუწოდოთ.
Orion-ის დიზაინი კლასიკურ Ray-Ban-ს ჰგავს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ცუკერბერგი Ray-Ban-ის ჰოლდინგის აქციონერია და ამ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია წარმატებით მიმდინარეობას. თავად დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სათვალე თუ მომხმარებლებისათვის ვიზუალურად მიმზიდველი არ იქნება, მას არავინ გაიკეთებს, შესაბამისად, სტილზე ფოკუსირებით Meta-მ AR და XR-მოწყობილობების ყველაზე დიდი პრობლემა გადაჭრა, რაც მათ გროტესკულობას და სიმახინჯეს უკავშირდება.
თავად ამ პრობლემის უკანასკნელი მსხვერპლი Apple Vision Pro გახლავთ, რომელიც იმდენად არასასურველი პროდუქცია, რომ კომპანია მისი წარმოების განახევრებას გეგმავს, თავად ამ მოცემულობას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ Vision Pro-ს მომხმარებელი ქუჩაში სიარულისას თუ ოთახში ჯდომისას უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება. აი, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით Meta Orion-ზე, რომელიც დიდი ზომის სათვალეს ჰგავს და საერთოდაც არ ამჟღავნებს იმ ფაქტს, რომ ის პლანეტაზე ამჟამად არსებული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და დახვეწილი კომპიუტერული მოწყობილობაა, თანაც ის სულ რაღაც 100 გრამს იწონის.
Orion-ის ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, როგორც Meta-ში ამბობენ, ეს არის ის ტექნოლოგიური მაქსიმუმი, რომლის მიღწევაც დღევანდელ სამყაროში ფიზიკურად შეიძლებოდა. ამ ავანგარდულ პროექტზე Meta-მ რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი დახარჯა და თითო ერთეული Orion-ი იმდენად ძვირი ღირს, რომ მის გაყიდვას აზრიც კი არ აქვს, თუმცა ამ პროექტის მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია და კომერციული სარგებლის მიღება არ არის. ეს სათვალე წარმოადგენს იმ კოსმოსურ ხომალდს, რომლის დახმარებითაც Meta ახალი სამყაროს დაპყრობას გეგმავს, ეს სამყარო კი მეტავერსის სახელითაა ცნობილია.
სწორედ მეტავერსია ის ვირტუალური სამყარო, რომელთან დაკავშირების საშუალებასაც Orion-ი იძლევა, რადგან ამ AR-სათვალის მთავარი ფუნქცია რეალურ სამყაროში ვირტუალური ობიექტების ინტეგრაცია და მისი საზღვრების გაფართოებაა, აი, სწორედ აქედან მოდის თავად ტერმინი აუგმენტაცია.
ამ ამბიციური მისიის შესრულებას Orion-ი ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით ახერხებს, რომლის მეშვეობით ნებისმიერი სახის გამოსახულება პირდაპირ შუშაზე აირეკლება, განსხვავებით VR და XR სათვალეებისგან, რომლებიც გამოსახულების ჩვენებისათვის მცირე ზომის ეკრანებს იყენებენ. თავისი არსით, შუშაზე გამოსახულების არეკვლა ახალი არ არის, მაგრამ ის, რასაც Orion-ი აკეთებს, ნამდვილად ახალია, რადგან ლაზერული პროექტორები პირდაპირ სათვალის ჩარჩოშია ჩაშენებული და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შუშაზე გამოსახულება არსაიდან ჩნდება, რაც დამაჯერებლობის დონეს დრამატულად ზრდის.
თავად გამოსახუელბას რაც შეეხება, როგორც ცუკერბერგი ამბობს, სათვალის მეშვეობით შეგიძლია უყუროთ იმას, რაც მოგესურვებათ, რადგან ამ მიმართულებით არანაირი ტექნიკური ლიმიტი არ არსებობს. სათვალემ შეიძლება გაჩვენოთ ვიდეოგამოსახულება, ქალაქის რუკა, წიგნი, სამუშაო ფაილები, თამაშები, ფილმები, თქვენი სოციალური ქსელები ან ნებისმიერი სახის კონტენტი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათვალეზე წარმოდგენილ კონტენტს მხოლოდ სათვალის მომხმარებელი ხედავს, რადგან წინიდან ან გვერდიდან გამოსახულების აღქმა შეუძლებელია, ანუ თქვენი Facebook-ის გვერდის გამო საზოგადო სივრცეში ვერავინ განგსჯით.
გარდა იმისა, რომ Orion-ი სმარტფონის ალტერნატივას წარმოადგენს, ის ასევე თქვენი ასისტენტიც შეიძლება გახდეს, რადგან მას ჩაშენებული აქვს Meta AI, რომელიც ყურებთან დამონტაჟებული დინამიკების დახმარებით გესაუბრებათ ან სასურველ ინფორმაციას ტექსტის სახით გაწვდით. თავად ინფორმაცია ნებისმიერ საკითხს შეიძლება შეეხოს, რადგან ამ მიმართულებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ულიმიტოა.
თუკი Meta-ს პრეზენტაციას დავუჯერებთ, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით კარგად მუშაობს სათვალეზე დამონტაჟებული კამერების ამოქმედების შემთხვევაში, რადგან ის გარემოს აანალიზებს და სასურველ ინფორმაციას პირდაპირ რეჟიმში გაწვდით. აი, მაგალითად, თუ თქვენ წინ საკვებ ინგრედიენტებს დაინახავთ, Meta AI შეძლებს სასურველი კერძის რეცეპტი დაგიგენერიროთ და მომზადების პროცესიც გაგაცნოთ. მარტივად რომ ვთქვათ, AI-ს შეუძლია ნებისმიერ საკითხზე საჭირო ცოდნა მოგაწოდოთ და თქვენი ნებისმიერი სურვილი აასრულოს, თავად ეს მაგიური შესაძლებლობა კი წლების წინ, მოგეხსენებათ, მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებისათვის იყო გადანახული.
სათვალის ინტერფეისის გაკონტროლებას მომხმარებელი თვალების მოძრაობით, ხმოვანი ბრძანებებით, ჟესტებითა და სპეციალური სამაჯურის დახმარებით შეძლებს. თავად ეს სამაჯური ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ის კუნთოვან სტრუქტურაზე დაკვირვებით ხელის მოძრაობის იდენტიფიცირებას ახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Orion-ი თქვენი ბრძანებების ამოცნობას ნებისმიერ პოზაში, განათებასა თუ ვითარებაში შეძლებს.
თუკი Meta დანაპირების შესრულებას და AR-ტექნოლოგიის გაიაფებას შეძლებს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექნოლოგიურ სექტორში ისეთი მასშტაბის რევოლუცია დაიწყება, როგორიც ერთ დროს კომპიუტერებთან და სმარტფონებთან დაკავშირებით იყო.