მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ გაამართლა ცუკერბერგის $45-მილიარდიანმა მეტავერსმა?

მეტავერსი

2021 წელს, როდესაც Facebook-მა სენსაციურად გამოაცხადა რებრენდინგი და ოფიციალურად Meta-დ გადაიქცა, კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მისი ახალი ამბიციური მიზანი მეტავერსის შექმნა იყო. კომპანია მზად იყო, ამ იდეაში დაახლოებით $45 მილიარდი დაეხარჯა, თუმცა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს მასშტაბური წამოწყება იმედებს ვერ ამართლებს.

მეტავერსი არის ინტერნეტის მომავალი ვერსია, სადაც ციფრული 3D სამყაროები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ და იცხოვრონ სასურველ წარმოსახვით სამყაროში. ეს სივრცე, ძირითადად, VR ჩაფხუტებისა და სმარტ სათვალეების საშუალებითაა ხელმისაწვდომი. მეტავერსი, პრინციპში, რეალური სამყაროსა და კომპიუტერული თამაშების შერწყმას წარმოადგენს, სადაც მომხმარებლები ქმნიან თავიანთ ავატარებს, რომელთაც ნებისმიერი სასურველი გარეგნობა შეიძლება ჰქონდეთ.

2021-2022 წლებში მეტავერსის იდეამ ნამდვილი ბუმი განიცადა, რაც დიდწილად პანდემიის გავლენით იყო განპირობებული. კომპანიებმა დაიწყეს მეტავერსში მიწის, ვირტუალური ქონების, უფლებებისა და სხვა აქტივების ყიდვა, თუმცა მალევე ნათელი გახდა, რომ მომხმარებლებმა, რეალურად, ზუსტად არ იცოდნენ, რას და სად ყიდულობდნენ. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მეტავერსი არ არის ერთიანი პლატფორმა, არამედ სხვადასხვა კომპანიები ქმნიან საკუთარ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ვირტუალურ სამყაროებს.

Meta-მ რამდენჯერმე წარმოადგინა ცუკერბერგის ოცნების სამყარო, თუმცა მომხმარებლები იმედგაცრუებულნი დარჩნენ. მეტავერსი, რომელიც უნდა გამხდარიყო სოციალური ქსელების განვითარების ახალი ეტაპი და ინტერნეტის რევოლუციური მომავალი, პრაქტიკაში დამაბნეველი, ტექნოლოგიურად მოუმზადებელი და კომერციულად არამიმზიდველი აღმოჩნდა.

მეტავერსის მთავარი ჩავარდნის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პროექტს არ გააჩნია ერთი, საერთო სტანდარტი, რის გამოც სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილი სამყაროები ერთმანეთთან შეუთავსებელი ხდება. ცუკერბერგის Meta-ს მიერ დახარჯული $45 მილიარდმაც კი ვერ მოაგვარა ეს მთავარი პრობლემა, რადგან მომხმარებლებს არ სურთ განსხვავებული VR მოწყობილობების, პროგრამების და ანგარიშების მუდმივი ცვლა.

ცუკერბერგის იდეა მეტავერსში ცხოვრების შესახებ, შესაძლოა, მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ საზოგადოება მზად ამისათვის არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა 2D პლატფორმების შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს, ადამიანები კვლავ რეალურ კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას.

შესაბამისად, Meta-ს $45-მილიარდიანი ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ინოვაცია და ტექნოლოგიური სიახლეები წარმატების გარანტიას არ იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ჯერ არ არის მზად ასეთი რადიკალური ცვლილებებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები