მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Samsung-მა Apple Vision Pro-ს კონკურენტი XR-სათვალე შექმნა

Moohan
სტატიაში საუბარია:

ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress-ზე კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა ახალი პროდუქტი - Project Moohan-ი წარადგინა, რომელიც Apple Vision Pro-ს კონკურენტი XR-სათვალეა.

როგორც ცნობილია, მოწყობილობა ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება და მის შექმნაზე Samsung-ის და Google-ის ინჟინრები ერთად მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ XR-სათვალე Android-ის ოპერაციული სისტემით იქნება აღჭურვილი და როგორც Samsung-ის, ასევე Google-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობებს და აპლიკაციებს გააერთიანებს.

პროექტის სახელწოდებას რაც შეეხება, Moohan-ი კორეული სიტყვაა და ის უსასრულობას ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ XR-სათვალე მომხმარებელს უსასრულო შესაძლებლობებს მისცემს.

ამ ეტაპზე, პროექტთან დაკავშირებით ის არის ცნობილი, რომ Moohan-ი ხელოვნური ინტელექტით, კერძოდ, Google Gemini-ით იქნება აღჭურვილი და მომხმარებელს AI-ის გამოყენების ახალ გზას აჩვენებს, რომელიც სივრცით აღქმაზე და გაფართოებულ რეალობაზე გადის.

აქვე, ორიოდე სიტყვა ვირტუალურ რეალობაზეც უნდა ვთქვათ, რომელთან დასაკავშირებლადაც შეიქმნა პროექტი Moohan-ი. ათწლეულების განმავლობაში, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ რჩებოდა, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ვითარება დრამატულად შეიცვალა და დღეს უკვე VR/XR-ტექნოლოგია ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორიც პერსონალური კომპიუტერი და სმარტფონია.

ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობისათვის პირველი კომპონენტი ჩაფხუტია, რომელიც 360-გრადუსიანი დისპლეის ფუნქციას ასრულებს. ჩაფხუტის ცენტრში ორი მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანია ჩამონტაჟებული და ადამიანის ორივე თვალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ გამოსახულებას იღებს. ეკრანის ასეთი სიახლოვე და ფერების მანიპულაცია გონებაში 3-განზომილებიანი სივრცის აღქმას იწევს და VR-ჩაფხუტის მომხმარებელი მის წინაშე არსებულ გამოსახულებებს არა ბრტყელ სივრცეში, არამედ 3 განზომილებაში ხედავს.

მეორე „მაგიური“ თვისება მოწყობილობაში ჩაშენებულ სენსორებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ VR/XR-ჩაფხუტის გამოყენებისას სივრცეში ორიენტაცია თავის მოძრაობით და ზოგჯერ თვალების გამოხედვითაა შესაძლებელი, ამას კი მოწყობილობის შიგნით ჩამონტაჟებული კამერები და სენსორები უზრუნველყოფენ.

ვირტუალურ სამყაროში დავალებების შესრულებისათვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული სპეციალური სამართავი პულტი ან ჯოისტიკია, რომელზედაც დამატებითი სენსორები და ღილაკებია განთავსებული.

უნდა აღინიშნოს, რომ Apple Vision Pro-ს შემთხვევაში, მომხმარებელს ჯოისტიკი, მაუსი და სხვა ფიზიკური საგანი არ სჭირდება, რადგან მოწყობილობა ხელის მოძრაობით, ჟესტებით, თვალებითა და ხმით იმართება. ზუსტად როგორ იქნება Moohan-ის ოპერირება შესაძლებელი, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.

პირველი თაობის VR-მოწყობილობებისგან განსხვავებით, Vision Pro-ს ისიც გამოარჩევს, რომ მისი გარე კამერების დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი წინ არსებული სივრცის დანახვა და ამ ორი სამყაროს გაერთიანება, სწორად ამიტომ უწოდებენ მას შერეული რეალობის სათვალეს, ანუ XR-ს. დანამდვილებით ვიცით, რომ Samsung-ის და Google-ის მიერ შექმნილ მოწყობილობას გარე სივრცის აღქმისათვის რამდენიმე კამერა და სენსორი აქვს.

ცხადია, ვირტუალური გამოცდილების მისაღებად მხოლოდ ფიზიკური მოწყობილობა არ არის საკმარისი და მასზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თამაში თუ აპლიკაცია, რომელსაც VR-მოწყობილობაში ვიყენებთ. ამ შემთხვევაში, დეველოპერებს იმ ფაქტის გათვალისწინება უწევთ, რომ მათ მიერ შექმნილი სამყარო შეგრძნებადი უნდა იყოს, არა მარტო დანახვადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები