მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელი ამერიკული ჰოლდინგი META, შესაძლოა, ფიზიკურად გაფართოვდეს და მაღაზიები გახსნას, სადაც საკუთარ მოწყობილობებს საცალო მომხმარებლებზე გაყიდის. კონკრეტულად რამდენი მაღაზიის გახსნას გეგმავს META, ამ ეტაპზე, უცნობია, რადგან აღნიშნული სიახლე კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ფიზიკური მაღაზიების გახსნის მიდგომა META-სთვის უცხო არ არის, რადგან კომპანიის სათავო ოფისში ერთი საჩვენებელი მაღაზია მარკ ზაკერბერგის კომპანიამ ჯერ კიდევ 2022 წელს გახსნა. აღნიშნული მაღაზია შინაარსობრივად Apple Store-ის მსგავსია, სადაც META საკუთარ პროდუქტებს, მათ შორის ჭკვიან სათვალეებს, ჩაფხუტებს და სხვა მოწყობილობებს ყიდის.
ექსპერტების პროგნოზით, ფიზიკური მაღაზიების გახსნამ, შესაძლოა, META-ს გაყიდვები გაზარდოს, რაც კომპანიის შემოსავალზე დადებითად აისახება. გასულ წელს, კომპანიამ მილიონზე მეტი ერთეული ჭკვიანი სათვალე გაყიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა კარგ სტარტად შეაფასა, მაგრამ დასძინა, რომ განვითარებისთვის რიცხვების გაზრდა არის აუცილებელი.