18 სექტემბერს ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Meta-მ ყოველწლიური ღონისძიება გამართა და მსოფლიოს ახალი პროდუქცია წარუდგინა.
განსაკუთრებული ყურადღება კომპანიის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პროდუქტმა, RayBan Display-მ მიიქცია. წინამორბედისაგან განსხვავებით, ახალი ჭკვიანი სათვალე აღჭურვილი იქნება ვირტუალური ეკრანით, რომელიც მარჯვენა კუთხეში იქნება განთავსებული და მინიმალურად დაფარავს გამოსახულებას. ნაწილობრივ გამჭვირვალე ეკრანის გამოყენებას თქვენ რამდენიმე მიზნით შეძლებთ. მაგალითად, შეგეძლებათ WhatsApp-ში, Messenger-სა და Instagram-ში მიმოწერა. ასევე ფოტოგალერეის დათვალიერება. Meta ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცემული პასუხების ხილვა.

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს სინქრონული თარგმნის კუთხითაც. Apple-ის ყურსასმენებისგან განსხვავებით, RayBan Display-ის გაკეთების შემთხვევაში თქვენ ეკრანზე დაინახავთ, თუ რას ამბობს თქვენი თანამოსაუბრე. თანაც ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება: ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია სმენადაქვეითებულ ადამიანებს კომუნიკაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.
განახლებულ ტექნოლოგიას უფრო მძლავრი ბატარეაც სჭირდება და ამ კუთხით Meta-მ თავი ნამდვილად გამოიჩინა. პირველი თაობის ჭკვიანი სათვალისაგან განსხვავებით, ახალი მოდელის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ გაიზარდა და ის 8 საათს შეადგენს. ხოლო თუ დამტენით აღჭურვილ პორტატულ სათვალის ჩასადებსაც თან იქონიებთ, ჯამურად 48 საათის განმავლობაში შეგეძლებათ სათვალის გამოყენება. გაუმჯობესება ფიქსირდება კამერის კუთხითაც. თუ თავდაპირველ ვერსიის რეზოლუცია 1080HD-ს არ სცდებოდა, ახლა გადაღება 12-მეგაპიქსელიანი კამერით, 3K გაფართოებით, 60FPS-ით, Ultrawide ფორმატში შეგეძლებათ. მართალია, ვიდეოს ხანგრძლივობა 3 წუთს ვერ გადააჭარბებს, თუმცა თუ მეტის გადაღება გსურთ, შეგეძლებათ ჯამურად 60 წუთი იღოთ, უბრალოდ, ამის შემდეგ ბატარეა დაიცლება და სათვალე გაითიშება.

RayBan Display-ს განუყოფელი ნაწილი ხდება ნეირონული სამაჯური, რომელსაც ცუკერბერგმა ეპოქალურ სიახლედ შეაფასა. საუბარია მაჯაზე გასაკეთებელ მოწყობილობაზე, რომელიც სათვალეს პირდაპირ უერთდება და გაძლევთ საშუალებას, ვირტუალური ეკრანი ხელით მართოთ. მაგალითისთვის, ბერა და საჩვენებელი თითების შეტყუპებითა და გადაწევ - გადმოწევით, დაარეგულირებთ ხმას. თითების გაწევ-გამოწევით მოახერხებთ აპლიკაციებს შორის ნავიგაციას და გალერეაში სურათებზე ან ვიდეოებზე გადასვლას. რაც შეეხება თითების ერთმანეთზე წამირად მიდებას, ამით თქვენ ჩართავთ ან გამორთავთ აპლიკაციას. ნეირონული სამაჯურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება ის, რომ თქვენ მიმოწერისთვის კლავიატურის გამოყენება აღარ გადჭირდებათ. ხელით მოხაზავთ ასოს და ის ავტომატურად გამოისახება ჩათში.

RayBan Display-ს ღირებულება $799 დოლარი იქნება.
ჭკვიანი სათვალეების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. როგორც Meta Connect-ზე მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო სათვალეების მწარმოებელ კიდევ ერთ მსხვილ ბრენდთან, Oakley-სთან. საუბარია სპორტული სათვალეებისა და აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიაზე. RayBan-ის სათვალის მსგავსად, ახალი პროდუქტი, სახელად “Vanguard”-ი უახლესი პროცესორით, მძლავრი კამერით, მიკროფონებითა და ე.წ. სფიქერით იქნება აღჭურვილი.

მას არამარტო ვიდეოების გადასაღებად, არამედ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტისგან პასუხების მისაღებადაც გამოიყენებთ. მართალია, Oakley-ის სათვალეში ეკრანი არ იქნება ჩაშენებული, თუმცა გაზრდილი ბატარეის მოცულობის დამსახურებით, მის გამოყენებას გადაბმულად 9 საათის განმავლობაში შეძლებთ. სრულად დატენას კი 75 წუთი დასჭირდება. სპორტულ სათვალეს შესაბამისი დიზაინი ექნება და ტრადიციული ფერთა გამით იქნება წარმოდგენილი, რაც ვარჯიშის, ლაშქრობისა თუ, უბრალოდ, ზამთრის კურორტებზე სრიალისთვის იდეალურად გამოიყენებთ.
Meta Vanguard-ის ღირებულება $499 დოლარი იქნება.

კომპანიამ მნიშვნელოვანი განახლება დააანონსა თავისი ვირტუალური რეალობის სათვალის, Meta Quest 3-ისა და Meta Quest 3S-ის კუთხითაც, რომლის გამოყენებითაც ამიერიდან ნებისმიერ სივრცის სრულ სკანირებას და ვირტუალურ რეალობაში გადატანას შეძლებთ. ამასთან, Quest-ის სათვალეების მფლობელებს ახალი გასართობი სერვისის, Horizon TV-ს გამოყენებაც შეეძლებათ. საუბარია Meta-ს მიერ შექმნილ პლატფორმაზე, რომლითაც სხვადასხვა სტრიმინგ კომპანიების, მათ შორის Netflix-ის, Disney+ისა და Prime Video-ს ფილმების ყურებას შეძლებთ.

მოკლედ, Meta განვითარებას განაგრძობს და მომხმარებელს ყოველწლიურად ანებივრებს უნიკალური პროდუქტებით. პროდუქტებით, რომლებიც მარტივად გამოსაყენებელი, ხელმისაწვდომი და პორტატულია.




























