მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta-მ და Amazon-მა მრავალმილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

Meta და Amazon-ი
სტატიაში საუბარია:

Meta-მ და Amazon-მა მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც სოციალური მედიის გიგანტის მიერ Amazon Web Services-ის Graviton-ის ტიპის ათობით მილიონი პროცესორის ბირთვის გამოყენებას ითვალისწინებს.

მხარეებს გარიგების ზუსტი ღირებულება არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნაფეა ბშარას განცხადებით, თანამშრომლობა სამიდან ხუთ წლამდე პერიოდს მოიცავს. პროცესორების უდიდესი ნაწილი აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებულ მონაცემთა ცენტრებში განთავსდება.

როგორც ირკვევა, ეს შეთანხმება მიზნად ხელოვნური ინტელექტის აგენტების განვითარებას ისახავს. ბშარას განმარტებით, კომპანიამ 3-ნანომეტრიანი Graviton5 ჩიპები ფასისა და წარმადობის ოპტიმალური თანაფარდობის გამო შეარჩია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტექნოლოგიური გიგანტები და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები გამოთვლითი სიმძლავრეების დეფიციტის ფონზე რესურსების მობილიზებას აქტიურად ცდილობენ. მხოლოდ მიმდინარე წელს Meta-მ პარტნიორობა 3 სხვა გიგანთან, Nvidia-სთან, AMD-სა და Arm-თან გააფორმა, რასაც კომპანიაში ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის სტრატეგიით ხსნიან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის აგენტების პოპულარობის ზრდამ ცენტრალურ პროცესორებზე მოთხოვნა კვლავ გაზარდა. სპეციალისტების თქმით, მათ გარეშე რიგი აპლიკაციების მუშაობა და მონაცემთა გრაფიკული პროცესორებისთვის მიწოდება შეუძლებელი იქნება. როგორც ირკვევა, ამ ტიპის კომპონენტები განსაკუთრებით ეფექტური ენობრივი მოდელების წვრთნის შემდგომი ეტაპისთვისაა, როდესაც სისტემამ რეალურ გარემოში, რეალურ ვითარებაში უნდა მოახერხოს დავალებების შესრულება.

შეგახსენებთ, მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად და ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის Meta-მ პერსონალის 10%-ის შემცირება უკვე დააანონსა. მაისის თვეში კომპანიას დაახლოებით 8,000 თანამშრომელი დატოვებს.

ცნობისთვის, Meta-სა და Amazon Web Services-ს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები