Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, Muse Spark-ი წარადგინა, რითაც Google-სა და OpenAI-სთან კონკურენციის გაძლიერებას გეგმავს.
პროექტს Meta Superintelligence Labs-ის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვანგი უძღვება. ის ტექ-გიგანტის გუნდს ცხრა თვის წინ შეუერთდა, როცა ცუკერბერგის კომპანიამ Scale AI-ში $14.3 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და სტარტაპის 49%-იანი წილი შეიძინა.
რაც შეეხება ახალ მოდელს, რომელიც აქამდე Avocado-ს კოდური სახელით იყო ცნობილი, ის სრულიად განახლებულ ტექნოლოგიურ არქიტექტურას ეფუძნება. Muse Spark-ი კომპანიის ციფრულ ასისტენტში უკვე ჩაინტეგრირდა, უახლოეს კვირებში კი Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-შიც გამოჩნდება. მარკ ცუკერბერგის სტრატეგიის თანახმად, კომპანია ტექნოლოგიის კომერციალიზაციასაც გეგმავს. კონკრეტულად, მესამე მხარის დეველოპერები Muse Spark-ის ტექნოლოგიაზე წვდომას ფასიანი ინტერფეისით მიიღებენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის მოდელების მიმართულებით პოზიციები სერიოზულად შარშან აპრილში, Llama 4-ის წარუმატებელი დებიუტის შემდეგ დაკარგა. ცუკერბერგის გუნდში მოელიან, რომ Muse Spark-ი Meta-ს კონკურენტუნარიანობას დაუბრუნებს.
აღსანიშნავია, რომ სიახლის ფონზე Meta-ს აქციების ფასი 6.5%-ით გაიზარდა. სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ კი Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.3 ტრილიონს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, ინვესტორების ოპტიმიზმი ახალი მოდელის ეფექტიანობამ და გაუმჯობესებულმა მონაცემებმა განაპირობა.




























