მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ კვარტალური დივიდენდი დააანონსა - რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

მარკ ზაკერბერგი

გასული წლის მეოთხე კვარტალში Meta-ს შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, ხოლო მოგებამ $14 მილიარდს მიაღწია, რაც გასამმაგებული მაჩვენებელია. ამ შედეგების წყალობით, მარკ ზაკერბერგის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. დღეს, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონს აღემატება.

ობიექტურად კარგი კვარტალური შედეგების გამოცხადებასთან ერთად, Meta-მ გააკეთა ის, რაც ამ დრომდე არასდროს გაუკეთებია - მარკ ზაკერბერგის ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა აქციონერებისთვის დივიდენდის გადახდა დააანონსა. ამ ეტაპზე, Meta-ს მიერ გადახდილი დივიდენდი 50 ცენტის ეკვივალენტი იქნება თითოეულ აქციაზე, მაგრამ ამ ამბავში მთავარი მაინც ისაა, რომ Meta პირველი კომპანია გახდა ადრეულ 2000 წლებში დაფუძნებულ ტექნოლოგიურ “იუნიქორნებს” შორის, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

თავად ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ Meta, რომელიც ერთბაშად რამდენიმე უზარმაზარ კომპანიას ფლობს, მათ შორის Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს განვითარების სხვა ეტაპზე გადადის, მაგრამ იმისთვის, რომ აგიხსნათ, თუ რას მოასწავებს ტექნოლოგიური კომპანიის სიცოცხლის შემდეგი ეპოქა, პირველ რიგში, სხვადასხვა ტიპის კომპანიების და, შესაბამისად, სხვადასხვა საინვესტიციო ფორმების შესახებ უნდა მოგიყვეთ.

მარკ ზაკერბერგის მიერ დაფუძნებული Meta, ისევე, როგორც სხვა ტექნოლოგიური კომპანიები თუ სტარტაპები, როგორც წესი, ზრდაზე ორიენტირებულ კომპანიებად ითვლებიან, ხოლო მათ აქციას, ინვესტორები ე.წ. “ზრდად აქციად” მიიჩნევენ. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი კომპანიებს აქციებს ინვესტორები იმიტომ ყიდულობენ, რომ მომავალში ამ კომპანიის ღირებულების ზრდის სჯერათ, რაც ნიშნავს, რომ ის ერთი დოლარი, რომელიც მათ კომპანიაში დღეს დააბანდეს, მომავალში უფრო ძვირად იქნება შეფასებული.

ინვესტირების ეს მიდგომა, ცხადია, კომპანიისგან განსხვავებულად მოქმედებას მოითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფი ზრდისთვის ბევრი ფული არის საჭირო, ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მოგებაზე გადიან, ამ მოგებას კვლავ ბიზნესში აბრუნებენ, ანუ სხვა კომპანიებს ყიდულობენ, ახალ პროდუქტებს და სერვისებს ნერგავენ და მეტ ადამიანს ასაქმებენ, რაც აქციონერებს კომპანიის გაზრდის საშუალებას აძლევს, მაგრამ ისე, რომ მათი წილი - უცვლელი რჩება.

ისმის კითხვა: აქვთ თუ არა ტექნოლოგიურ კომპანიებს სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც მათ აქციონერების გაბედნიერება შეუძლიათ? კი, ასეთი ინსტრუმენტი არსებობს და მას - საკუთარი აქციების გამოსყიდვა ჰქვია. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიური კომპანიები დივიდენდს არ გასცემენ, მაგრამ აქციონერებს პერიოდულად გარკვეული სარგებლის მიღება მაინც სურთ, ტექნოლოგიური კომპანიები, როგორც წესი, საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამებს აანონსებენ. ამ დროს, კომპანია საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციების ნაწილს ყიდულობს, რითაც თავისუფალ მიმოქცევაში აქციების ერთგვარ დეფიციტს იწვევს, რაც, ცხადია, აქციის ფასის ზრდას უწყობს ხელს - ამ მხრივ, საქმე გვაქვს მარტივ ეკონომიკურ კანონზომიერებასთან.

თუმცა ზემოხსენებული ორი გზის გარდა, კომპანიას შეუძლია მესამე გზა აირჩიოს და აქციონერებზე დივიდენდი გასცეს, ანუ მოგება, რომელსაც აგენერირებს, პირდაპირ აქციონერებს გადაუნაწილოს, თანაც ყველაზე ლიკვიდური ფინანსური აქტივის - ნაღდი ფულის სახით. დივიდენდს, როგორც წესი, კომპანიები კვარტალში ერთხელ გასცემენ, რითაც ინვესტორებს ფიქსირებული შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევენ. თუმცა შემოსავლის გარდა, დივიდენდი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი მიღებით, ინვესტორი ნაწილობრივ იკმაყოფილებს კიდევ ერთ ღრმად ადამიანურ გრძნობას, რომელიც კონტროლის სურვილს უკავშირდება.

იმ კომპანიის აქციებს, რომელიც დივიდენს გასცემს ინვესტორები “დივიდენდურ აქციებად” მოიხსენიებენ და ისინი, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებად მერყევია. დივიდენდური აქციის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ამერიკული “კოკა-კოლა” გამოდგება, რომელმაც აქციონერებზე მოგების განაწილება ჯერ კიდევ 130 წლის წინ დაიწყო და ისტორიულად, თანხა, რომელსაც კომპანიის მეწილეები იღებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში მუდამ იზრდება, რადგან, ცხადია, იზრდება თავად კომპანია და მისი შემოსავალი და კომპანიის ეფექტიანობის ზრდასთან და მასშტაბის ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, წლებთან ერთად, იზრდება მოგებაც.

შეიძლება დაგაინტერესოთ, თუ რატომ ირჩევენ ინვესტორები დივიდენდურ აქციებს? ამ კითხვას, რეალურად, ორი ზოგადი პასუხი აქვს. პირველი თავად დივიდენდია, ანუ შემოსავალი, რომელიც ინვესტორს პერიოდულად ერიცხება. ამ შემოსავლით მას პირადი დანახარჯების დაფარვა ან, მაგალითად, საპენსიო დანაზოგის შევსება შეუძლია, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტორს დივიდენდის ხარჯზე ცხოვრების საშუალებას აძლევს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი და ის საინვესტიციო პორტფელის რისკის შემცირებას უკავშირდება, რადგან კომპანიები, რომლებიც აქციონერებს მოგებას უნაწილებენ, როგორც წესი, ისტორიულად ფესვგამდგარი კომპანიები არიან. რისკის შემცირება კი აიხსნება იმით, რომ დივიდენდური კომპანიები, როგორც წესი, მოგებაზე მაშინაც გადიან, როცა ბაზრები ე.წ. “დათვის ბაზარში” იმყოფება, რადგან პროდუქტი და სერვისი, რომელსაც ისინი აწარმოებენ საბაზრო რყევებს პირდაპირ არ არის მიბმული.

ახლა კი, მარკ ზაკერბერგის კომპანიას დავუბრუნდეთ. გამომდინარე იქიდან, რომ Meta-მ დივიდენდების გაცემა დააანონსა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანია განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა, ანუ ისეთი ინვესტორების მოზიდვასაც შეეცდება, რომელთაც კომპანიის ზრდის გარდა დივიდენდიც აინტერესებთ. თავის დროზე, განვითარების ეს გზა კიდევ ორმა ამერიკულმა კომპანიამ - Apple-მა და Microsoft-მა აირჩიეს და მას შემდეგ, ორივე მათგანის საბაზრო კაპიტალიზაცია ცას ეწია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Meta-ს შემდეგ, დივიდენდების გაცემას სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც დაიწყებენ, მათ შორის Google-ის მფლობელი Alphabet-ი. ეს კომპანიები იმხელა მოგებას აგენერირებენ, რომ შეუძლიათ, თავისუფალი კაპიტალის ნაწილი ზრდაში დააბანდონ, ნაწილი კი - აქციონერებს ნაღდი ფულის სახით დაურიგონ.

* ამ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. თითოეული ასეთი გადაწყვეტილება მომხმარებელმა საკუთარი კვლევის შედეგად უნდა მიიღოს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები