მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანიამ Wall Street-ის მოლოდინი ვერ გაამართლა

meta

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $60.80 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რამაც LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $60.17 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ $18.34 მილიარდი შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელი თითქმის $3 მილიარდით შემცირდა და მხოლოდ $15.85 მილიარდი შეადგინა. ამასთან, თითო აქციაზე დივიდენდის სახით $6.18 გაიცა. ეს მაშინ, როცა Wall Street-ზე $7.22-ის მოლოდინი არსებობდა.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი დარტყმა მარკ ზაკერბერგის კომპანიამ Reality Labs-ის მიმართულებით დააფიქსირა, სადაც ამონაგები მხოლოდ $431 მილიონი იყო, საოპერაციო ზარალმა კი $4.6 მილიარდს მიაღწია. მცირედით ჩამორჩენა დაფიქსირდა Meta-ს აპლიკაციების ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობის მიმართულებითაც. ოფიციალური სტატისტიკით დადგინდა, რომ მათი მაჩვენებელი ბოლო კვარტალში 3.6 მილიარდს შეადგენდა. ეს მაშინ, როცა StreetAccount-ს 3.61 მილიარდის მოლოდინი ჰქონდა.

ინვესტორების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ კომპანიის მთლიანი ხარჯები წლიურად 55%-ით გაიზარდა და $42.03 მილიარდს მიაღწია. ეს თანხა სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ $2.4 მილიარდსა და თანამშრომელთა დათხოვნის $1.18-მილიარდიან კომპენსაციებს მოიცავს. კომპანიის ფინანსური დირექტორის, სუზან ლის განცხადებით, რომ არა ეს ფაქტორები, საოპერაციო შემოსავალი წლიურად 9%-ით გაიზრდებოდა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, Meta მომდევნო კვარტალში საშუალოდ $62 მილიარდის შემოსავალს ელოდება, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $63.15 მილიარდს ჩამორჩება. პარალელურად, კომპანიამ კაპიტალური დანახარჯების წლიური პროგნოზი $130-$145 მილიარდის ფარგლებში განსაზღვრა. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული დატვირთვა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოვა, რის გამოც Meta-ს თავისუფალი ფულადი ნაკადი გასული წლის $8.55 მილიარდიდან $784 მილიონამდე შემცირდება.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ გამოთვლითი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდელების სწავლებასა და ახალი პროდუქტების შექმნას მოხმარდება.

სუსტი საპროგნოზო მაჩვენებლებისა და თავისუფალი ფულადი ნაკადის შემცირების ფონზე, Meta-ს აქციების ფასი სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ 7.45%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციები 11%-ითაა გაუფასურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები