მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელი ჰოლდინგური კომპანია META მოწყობილობების მიმართულებით ფართოვდება და Ray-Ban-ის, Oakley-ის და რამდენიმე სხვა წამყვანი ბრენდის მფლობელ EssilorLuxottica-ში $3.5 მილიარდს აბანდებს.
ტრანზაქცია საბაზრო ფასებით შედგა, რომლის ფარგლებში META-მ კომპანიის 3%-იანი წილი იყიდა. დროთა განმავლობაში, მარკ ზაკერბერგი კომპანიაში საკუთარი წილის გაზრდას 5%-მდე გეგმავს. გარიგების ფონზე, ფრანგულ-იტალიური კომპანიის შეფასება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
აღნიშნული გარიგები, რომელიც პრინციპში დიდი ხნის განმავლობაში იყო მოსალოდნელი, META-მ და EssilorLuxottica-მ რამდენიმე წლის წინ დაწყებული ძალიან წარმატებული თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანეს. META-სთან კოლაბორაციით შექმნილი პირველი ჭკვიანი Ray-Ban-ები 2021 წელს ვიხილეთ და მას შემდეგ, ამ კატეგორიის სათვალეების მიმართულებით ის უდავო ლიდერად და მომხმარებლის რჩეულ პროდუქტად იქცა. ივნისში, META-მ Oakley-ის ბრენდის ჭკვიანი სათვალე გამოუშვა, რომელიც ასევე EssilorLuxottica-ში შედის.
GrandView Research-ის დათვლებით, ჭკვიანი სათვალეების ბაზარი 2030 წლისთვის $8.3 მილიარდამდე გაიზრდება, რაც 2024 წელთან შედარებით თითქმის 4.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ამ ბაზრის დიდი წილი სწორედ META-ზე მოდის, რომელმაც ბოლო წლებში კონკურენტებს აჯობა, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე გაყიდვებით. EssilorLuxottica-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციით, META უკეთესი პროდუქტების შექმნას შეძლებს, ხოლო ფრანგულ-იტალიური გიგანტი ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ნაკვალევს დატოვებს.




























