"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2020–2025 წლებში საქართველოში Meta-ს პლატფორმებზე - Facebook-სა და Instagram-ზე განთავსებულ პოლიტიკურ და სოციალურ რეკლამებს მიმოიხილავს.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოდან, როდესაც Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოშიც ამოქმედდა, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და მედიასაშუალებების მიერ ჯამურად 172,577 რეკლამა განთავსდა, რომლის ღირებულებამ 6.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია
ბოლო ხუთ წელში პოლიტიკურმა პარტიებმა 33,875 რეკლამაში სულ მცირე 2.8 მლნ დოლარი დახარჯეს.
ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული დეკლარირებული რეკლამების რაოდენობა აღემატებოდა ყველა სხვა 32 პარტიის ჯამურ მაჩვენებელს, ხოლო მათზე გაწეული ხარჯი პარტიების საერთო სარეკლამო დანახარჯების თითქმის ნახევარს შეადგენდა
მედიასაშუალებები
ISFED კვლევის მიხედვით, მედიასაშუალებებს შორის ყველაზე აქტიურად პოლიტიკურ რეკლამაზე თანხები "იმედმა და "პოსტივიმ" დახარჯეს. მათ Meta-ს პლატფორმებზე რეკლამებში დაახლოებით 660 ათასი დოლარი დახარჯეს.
განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც ჯამში 24,347 რეკლამა განათავსეს, რომლის ღირებულებამ 566,134 დოლარი შეადგინა. ISFED-ის შეფასებით, მათი დიდი ნაწილი პირდაპირი აგიტაციის ხასიათს ატარებდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, რითაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და მედიის ნაწილს შორის საზღვარი თითქმის წაიშალა.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს სარეკლამო სივრცე Meta-ს პლატფორმებზე მკვეთრად დომინირებული იყო „ქართული ოცნების“, მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებებისა და ანონიმური გვერდების მხრიდან.





























