მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტალურგიის დარგში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა - "რუსთავის ფოლადი"

რუსთავის ფოლადი

მეტალურგიის დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სექტორისთვის უმთავრესი გამოწვევა კვალიფიციური კადრების სიმცირეა.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში რუსთავის მეტალურგიული საწარმოს გენერალური დირექტორი, იგორ კორიტკო აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილი კადრების დეფიციტის პირობებში, კომპანიას თავად უწევს ახალგაზრდა მუშახელის გადამზადება, ასევე საწარმოში ამ ეტაპზე 40-მდე უცხოელი სპეციალისტია დასაქმებული.

„მეტალურგიის სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც რთულია, გამოცდილი მუშახელის ნაკლებობაა. არა თავად მუშახელის, არამედ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. შეგიძლიათ დაიქირაოთ ბევრი ადამიანი, თუკი ხელფასს გაზრდით. მაგრამ რაც შეეხება გამოცდილებას, ეს პრობლემაა, რადგან საქართველოში არ არსებობს სპეციალური უნივერსიტეტები ფოლადის ინდუსტრიისთვის. ჩვენ ძველი რუსთავის ფოლადისგან ჯერ კიდევ გვაქვს ტრადიცია, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ რუსთავის ფოლადში 70-იანი ან 80-იანი წლებიდან, ისინი გამოცდილები არიან, კვალიფიციურები, მაგრამ მათი ასაკი... ისინი ახალგაზრდები არ არიან. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვასწავლოთ ხალხს. ამას ვაკეთებთ ახლა.

შეგიძლიათ დაიქირაოთ ახალგაზრდები მაღალი მოტივაციით, რომლებსაც სურთ სწავლა, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის განვითარება და ჩვენ მათ ვასწავლით. ეს ერთადერთი გზაა. ჩვენ ასევე მოწვეული გვყავს ექსპერტები უცხოეთიდან, რომ ვასწავლოთ ახალგაზრდა ქართველ კადრებს. ჩვენს კომპანიაში საშუალო ხელფასი 2025 წელს 20%-ით გაიზარდა. თუმცა როგორც ვთქვი, ფოლადის ინდუსტრიაში გამოცდილი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ ახლა ჩვენს ქარხანაში დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან. ჩვენ ასევე ვიწვევთ კონსულტანტებს, ისინი მუშაობენ ნაწილობრივ, დროდადრო. მთავარი მიზანია ვასწავლოთ ახალგაზრდა, მოტივირებულ ქართველებს, მივცეთ მათ ცოდნა, განვავითაროთ ისინი“, - აცხადებს იგორ კორიტკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები