ქუთაისის მეტალურგიულ საწარმო ,,ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს. გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე და არ გააჩნდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი ნორმები, რაც საფრთხეს უქმნიდა გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.
დარღვევების გამო კი, კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა კიდეც, კერძოდ: 2019 წელს სასამართლოს დადგენილებით კომპანიას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმების გარეშე საქმიანობის შედეგად გამოანგარიშებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. 2021 წელს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი“ 15 ათასი ლარით დააჯარიმა; 2022 წელს კი - 45 ათასი ლარით.
„კომპანიას უდგინდებოდა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრაზე არ უზრუნია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა“ - აცხადებს უწყება.
„ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა” 2019 წლიდან ინდურ Ambicon Ventures Private Limited-ს ეკუთვნის და 2022 წლის 31 მარტისთვის 312 პირი ჰყავდა დასაქმებული.
კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არმატურის წარმოება, ფინანსურ ანგარიშგებას 31 მარტს დასრულებული წლისთვის აწარმოებს. ბოლო ანგარიშგებით, 2021- 22 წლების სრული შემოსავალი, 2022 წლის 31 მარტს დასრულებული წლისთვის 38,196 მლნ ლარს შეადგენდა. წლიურად შემოსავალი 11.8 მლნ ლარით იყო გაზრდილი.
ამავე პერიოდში საერთო მოგებამ 4.5 მლნ ლარი შეადგინა (2021 წელი - 2.3 მლნ ლარი) წმინდა მოგება კი, მხოლოდ 262,955 ლარი იყო. 2022 წლის 31 მარტისთვის, აქტივების ღირებულება 4 500 270 ლარად იყო შეფასებული.
მმართველობით ანგარიშში წერია, რომ „კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი პოლიტიკის ნაწილს, ერთმნიშვნელოვნად მიმართულია კომპანიის საქმიანობით გარემოზე ზემოქმედების შემცირებისაკენ. ეკოლოგიური პოლიტიკა, ასევე, მოიცავს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პოლიტიკას და აღნიშნული მიმართულებით მომავალში დამატებითი ღონისძიებების გატარება იგეგმება. კომპანია დროულად ასრულებს ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კომპანიის ხელმძღვანელობა დამატებით ცდილობს ზუსტად დაიცვას გარემოსდაცვის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი დირექტივები და სტანდარტები“. თუმცა, როგორც ჩანს, გაცხადებული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა.