თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობების შესასყიდად. 97 ახალი ვაგონის სატენდერო ღირებულება 205 მილიონი ევრო იქნება, საიდანაც 140 მილიონი დოლარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სესხით დაფინანსდება. უშუალოდ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე პროექტის მთლიანი ღირებულება მითითებული არაა, თუმცა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის დადგენილების მიხედვით, ტენდერის ღირებულება 205 მილიონ ევროს, ანუ 592 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად ერთი ვაგონის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.1 მილიონი ლარი (2.11 მლნ ევრო) იქნება.
მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისის მერია ვაგონების შესყიდვისთვის საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს და მას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირობების შესაბამისად განახორციელებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, ახალი ვაგონების მიღება 2026 წლიდან დაიწყება.
"ჩვენ ეს პროექტი საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ, იმ გათვლით რომ როდესაც მოუწევდათ არსებულ ვაგონებს ექსპლოატაციის ვადის გასვლა, სწორედ მაშინ დროულად ჩავანაცვლებდით. ჩვენ ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე 2026 წლამდე შეგვიძლია, რომ ექსპლოატაცია გავუწიოთ არსებულ ვაგონებს, მათ ეტაპობრივად გასდით ექსპლოატაციის ვადა მათი გარბენის მიხედვით. შესაბამისად, ახალი ვაგონები დროულად ჩაანაცვლებს ძველ ვაგონებს", - განაცხადა შარკოვმა.
სატენდერო აღწერის თანახმად, თბილისის მერია შეისყიდის 13 მოძრავ შემადგენლობას, რომელიც 4 ვაგონისგან იქნება შემდგარი და 9 მოძრავ შემადგენლობას, რომელიც 5 ვაგონისგან იქნება შემდგარი.
ამჟამად თბილისის მეტროში არსებული შემადგენლობების მაქსიმალური სიგრძე 4 ვაგონს შეადგენს, თუმცა მეტროს პირველი ხაზის სადგურების სიგრძე საკმარისია 5-ვაგონიანი შემადგენლობების მისაღებადაც შესაბამისად, ამ ტენდერის ფარგლებში ვაგონების მიღების შემდეგ მეტროს ძირითად ხაზზე უფრო მაღალი ტევადობის მატარებლები ივლიან. ასევე, ახალი მოძრავი შემადგენლობების ვაგონები ერთმანეთთან გამჭოლი გასასვლელით იქნება დაკავშირებული, რაც ვაგონებს შორის სივრცეში მგზავრებისთვის დამატებით ადგილებს შექმნის. ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, თბილისის მეტროს სადგურების პლატფორმების სიგრძე არის 100 მეტრი, ხოლო ერთი ვაგონის სიგრძე უნდა იყოს 18.5 მეტრიდან 19.5 მეტრამდე გადაბმის ჩათვლით, ხოლო 5-ვაგონიანი მატარებლის სიგრძე უნდა იყოს 92.5 მეტრიდან 97.5 მეტრის ფარგლებში. ამასთან, მატარებლის იატაკის სიმაღლე თბილისის მეტროს ვაგონის პლატფორმის სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს. ახალი ვაგონის სიგანე 2.7 მეტრით, სიმაღლე კი 3.65 მეტრით განისაზღვრება. თითოეულ ვაგონს მაქსიმუმ 280 მგზავრის დატევა უნდა შეეძლოს, რაც 5-ვაგონიანი შემადგენლობისთვის 1,400 მგზავრს უდრის.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ვაგონების მიწოდების არანაკლებ 3 ტენდერი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 150 მილიონი ევრო უნდა იყოს. ტენდერის პირობების თანახმად, მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა აუცილებელი სერტიფიკატი, რაც საქართველოს სარკინიგზო სისტემაში მიმოსვლისთვის არის საჭირო, რაც პირველ რიგში რკინიგზის 1520 მილიმეტრის სიგანის ხაზზე მოძრაობას უკავშირდება. ამასთან, მოთხოვნილ პარამეტრებს შორისაა გადაბმის, მართვისა და დამუხრუჭების სისტემების თავსებადობა მეტროს არსებულ ვაგონებთან, რათა კონკრეტულ შემთხვევებში მატარებლის გაჩერების ან სხვა საჭიროებების დროს, არსებულ (ძველ) მატარებელს შეეძლოს ახალ ვაგონებთან გადაბმა.
თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ჯერ კიდევ 2021 წელს გეგმავდა, რისთვისაც EBRD-ის დაფინანსებით 44 ვაგონის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ ტენდერში რუსულმა კომპანია "მეტროვაგონმაშმა" გაიმარჯვა, რომელსაც მერიას ახალ ვაგონებს 49 მილიონ ევროდ მიაწვდიდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მერიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა.