მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41 მილიონის მითვისებისთვის, მერიის კონტრაქტორის დირექტორი დააკავეს

დიდუბის მეტრო

საქართველოს პროკურატურამ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე 4 პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2017-2024 წლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145.3 მილიონი ლარიდან ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედებით, სავარაუდოდ, 41.1 მილიონი ლარი მიითვისეს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე და შპს „საჩინოს“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი სქემის განსახორციელებლად შპს „საჩინო“ დაარეგისტრირეს, რომლის მეშვეობითაც მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხდებოდა. ტვირთების გადაზიდვას კი შპს „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.

პროკურატურის განცხადებით, იმპორტირებული საქონელი შემდგომ შპს „საჩინოს“ სახელით, ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეწოდებოდა. უწყების მტკიცებით, დეტალების ფასი რეალურ ღირებულებასთან შედარებით სამჯერ იყო გაზრდილი, რის შედეგადაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება მოხდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ. ბრალდებები ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლები 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და მისი მიზანია დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირებაც.

მეტროს ვაგონების სარემონტო ქარხანასთან დაკავშირებული შესაძლო ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ შევიდა.

თბილისის მერიაში BMG-ს განუმარტეს, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის მიერ 2023 წელს გაფორმებული 13.7 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შესწავლა. ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის 12 მეტროს ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურებას ითვალისწინებდა. მომსახურების მიწოდება 2023-2024 წლებში უნდა განხორციელებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები