მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Метровагонмаш-ისგან მეტროს ვაგონებს აღარ შევიძენთ, ხელშეკრულებას ვწყვეტთ - კალაძე

637caf7b3a639
ანუკა ჯოხაძე
22.11.22 15:21
3125
საქართველო მეტროს ვაგონებს რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან აღარ შეიძენს, - ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გააჟღერა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია და მიმდინარეობს მუშაობა კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

“Метровагонмаш-თან მეტროსადგურის ვაგონების შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაფორმდება, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ვარაუდი და საშიშროება იმისა, რომ კომპანია [საერთაშორისო] სანქციების ქვეშ მოექცეს. ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გავაჟღერებთ. კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისის მერიისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელიც გასულ კვირას იქნა მიღებული. მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან კომუნიკაცია, პროცესებში ჩართულია EBRD-იც”, - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

bm.ge-ს კითხვაზე, ხელშეკრულების გაწყვეტით, დაზარალდება თუ არა სახელმწიფო და რა სანქციებია მოსალოდნელი, მერიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიდის და ყველაფერი კეთდება, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა სანქციების გარეშე მოხდეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. 

შეგახსენებთ: გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესყიდვას ითვალისწინებდა, რუსულმა კომპანია Метровагонмаш-მა გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მოცულობა 49.2 მილიონი ევრო (175 მილიონი ლარი) იყო, შესაბამისად, ბიუჯეტი ერთ ვაგონში 1.1 მილიონ ევროს, ანუ 3.97 მილიონ ლარს იხდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები