მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცამეტე ხელფასი - ევროპის რომელ ქვეყნებში გასცემენ მას?

ევროპა

“მეცამეტე თვის” ტრადიცია 1970-იან წლებში ფილიპინებში დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. წლის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის წასახალისებლად და სადღესასწაულო ხარჯების შესამსუბუქებლად კომპანიებმა დეკემბერში ბონუსების გაცემა დაიწყეს, რომელიც, როგორც წესი, ერთი თვის ხელფასს უდრიდა.

50 წლის შემდეგ მეცამეტე ხელფასი ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნაა, თუმცა, Euronews-ის ცნობით, ის ევროპის კონტინენტზე ნაკლებადაა გავრცელებული.

მეცამეტე ხელფასის აღქმა ევროპის ქვეყნებში კომპლექსურია და საბონუსე სისტემა კომპანიიდან კომპანიამდე ან ინდუსტრიიდან ინდუსტრიამდე იცვლება. მაგალითად, პორტუგალიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში, დამსაქმებელთა უმრავლესობა ვალდებულია, ზამთრის სადღესასწაულო ბონუსი გასცეს, რომელიც ერთი თვის ხელფასის ოდენობისაა.

პორტუგალიაში ეს წესი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს ეხება და საშობაო ბონუსი “მეთოთხმეტე ხელფასადაა” ცნობილი, რადგან მეცამეტე ხელფასად სავალდებულო საზაფხულო ბონუსია განსაზღვრული. ესპანეთში კი დამსაქმებლები ასევე ვალდებულნი არიან, ბონუსები წლის განმავლობაში ორჯერ, ერთხელ აუცილებლად საშობაოდ უნდა გაიცეს. საბერძნეთში კი საბონუსე სისტემა კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით იცვლება. საბერძნეთის კერძო სექტორში დასაქმებულები საშობაოდ ერთი თვის ხელფასის ოდენობის ბონუსს იღებენ, აღდგომასა და საზაფხულო შვებულებების დროს კი ნახევარი თვის ხელფასს.

საბერძნეთის საჯარო სექტორისთვის მეცამეტე ხელფასის ტრადიცია 2012 წლიდან გაუქმდა, მიზანი კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება იყო, ფინანსური კრიზისის შემდეგ.

სავალდებულო საბონუსე პოლიტიკა მოქმედებს ნიდერლანდებსა და პოლონეთშიც. ნიდერლანდებში სადღესასწაულო ბონუსი მაისი-ივნისის პერიოდში გაიცემა და მათი მთლიანი წლიური შემოსავლის მინიმუმ 8%-ს უდრის. პოლონეთში კი მეცამეტე ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის კანონითაა მოთხოვნილი.

დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მეცამეტე ხელფასის გაცემა კომპანიებისთვის სავალდებულო არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები